ლევან იოსელიანი - სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, ვერც ჩვენი კონსილიუმი და ვერც მე ამაზე რეკომენდაციას ვერ გავცემთ
მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი, ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავცემთ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, კონსილიუმი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს.
„კონსილიუმის წარმომადგენლები ახლახან იყვნენ შესულები და მათ გამოაქვეყნეს დასკვნა. დასკვნაში ასახულია ყველა ის პრობლემა და ყველა ის გაუმჯობესება, რაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეიძლება თქმულიყო. რაც შეეხება მისი გადაყვანის შესაძლებლობას, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი და ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავცემთ. მონიტორინგი გაგრძელდება, მათ შორის, კონსილიუმის დასკვნაშივე ითქვა, რომ კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს საჭიროებიდან გამომდინარე მოინახულებს. თქვენ იცით, რომ აქამდე კონსილიუმი სამ თვეში ერთხელ შედიოდა. დღეს მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკვე საჭიროებისამებრ მოინახულებენ მისი მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, კონსილიუმის მონაწილეობითაც“, – განაცხადა იოსელიანმა.