ლევან იოსელიანი - როგორც კი აქცია გახდება რომელიმე პარტიის დღის წესრიგის გამტარებელი, იმ აქციაზე არ ვიქნებით, რადგან ეს სცილდება მიზანს, რომლის გამოც ვდგავართ გაერთიანებულ ოპოზიციასთან
ლევან იოსელიანი - როგორც კი აქცია გახდება რომელიმე პარტიის დღის წესრიგის გამტარებელი, იმ აქციაზე არ ვიქნებით, რადგან ეს სცილდება მიზანს, რომლის გამოც ვდგავართ გაერთიანებულ ოპოზიციასთან

ჩვენ არ ვიბრძვით მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით კონკრეტულად რომელიმე პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის, ჩვენ ვიბრძვით უკეთესი საარჩევნო სისტემისთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა მისი პარტიის წევრების მიერ ბათუმში ოპოზიციის აქციის დატოვების გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ნებისმიერი აქცია, რომელიც გადაიქცევა „ნაციონალური მოძრაობის“ თავყრილობად, მათ პირად აქციად, იქ ჩვენი მხარდამჭერებისა და სხვა პარტიების მხარდამჭერებისთვის ძალიან რთული იქნება გაჩერება, რადგან ჩვენ არ ვიბრძვით მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით კონკრეტულად რომელიმე პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის. ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ. ჩვენ ვიბრძვით უკეთესი საარჩევნო სისტემისთვის. ეს მიზანი არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი, ამიტომ როგორც კი აქციები მიიღებს პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს და გახდება ამ დღის წესრიგის გამტარებელი, ჩვენ იმ აქციაზე, რა თქმა უნდა, არ ვიქნებით, რადგან ეს სცილდება იმ მიზანს, რის გამოც ჩვენ ვდგავართ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბევრი ადამიანი მსაყვედურობს, რატომ დგახარ ამათთან, რატომ დგახარ იმათთან? ვდგავარ მხოლოდ იმიტომ, რომ ამოცანა არის ბევრად უფრო დიდი, არის ზეპარტიული, არის ის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების შემდეგ დამარცხებულმა მხარემ მიულოცოს გამარჯვებულ მხარეს და გამარჯვებული მხარე არ დასცინოდეს, არ ქილიკობდეს დამარცხებულ მხარეზე. აი, ეს არის ამოცანა, ეს არის სახელმწიფოებრივი ამოცანა. ამ ამოცანის ერთგული ვარ მე და ჩემი პოლიტიკური ორგანიზაცია. დანარჩენი ყველა სხვა პარტიის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კითხვაზე, ექნება თუ არა ბათუმის აქციას გავლენა ოპოზიციის ერთიანობაზე, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთიანობა არის მყარი.

„ეს ინციდენტი, რაც დღეს მოხდა და ნებისმიერი ამდაგვარი ინციდენტი, რაც შეიძლება ოპოზიციაში იყოს აზრთა სხვადასხვაობის შემომტანი, ვერ მოახდენს გავლენას მთავარ იდეაზე, რაც არის ოპოზიციის ერთობა მთავარ ამბავში, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, იმიტომ კი არა, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა, იმიტომ, რომ არ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებზე გამოხატული იყო ქართველი ხალხის ნება და მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. ამიტომ არ შევდივართ პარლამენტში. ეს არის აქ ყველაზე მთავარი, ამიტომ ამაში ბზარის შემოტანა, ვფიქრობ, ყველას გაუჭირდება, რადგან ეს პრაგმატული ამოცანაც არის ოპოზიციის, რომ ამ ბრძოლაში მიაღწიოს წარმატებას, ხოლო წარმატების მიღწევის მთავარი საშუალება არის ერთად დგომა“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.​

ბათუმში ოპოზიციის აქცია დღეს „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა დაწყებიდან მალევე დატოვეს. როგორც მათ მოგვიანებით განმარტეს, ამის მიზეზი გახდა ტრანსპარანტები და შეძახილები – „მიშა, ჩამოდი“.