ლევან იოსელიანი - როგორც ჩანს, ევროპაში დაინახეს, რომ მოკლე ვადაში შეთანხმების რესურსი არ არის, ვადის გადაწევამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმებას
ვადის გადაწევაში ცუდი არაფერია. ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ლევან იოსელიანმა შეაფასა ევროკომისიის წარმომადგენელის განცხადება, სადაც მიხაელ რუპი ამბობს: „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში. ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ.
როგორც იოსელიანი ამბობს, მალე გავა დრო, იქნება ეს ექვსი თვე თუ წელიწადი და რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.
„როგორც ჩანს, ევროპაში დაინახეს, რომ მოკლე ვადაში შეთანხმების რესურსი არ არის და ეს ვადა გამოყენებული უნდა იყოდ წნეხისთვის. ექვსი თვეც მალე გავა და ერთი წელიც, მაგრამ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. რაზეც ექვს თვეში ვერ შევძლებთ შეთანხმებას, ერთ წელში მასზე შეთანხმების ალბათობა ცოტა მეტია, მაგრამ გარანტია არ არის, რომ ერთ წელში ყველაფერზე შევთანხმდებით. მგონია, რომ ექვს თვეში ასე მარტივად ვერ მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რაც 30 წელში ვერ მოვაგვარეთ. „ქართული ოცნების“ განცხადებებმა ბოლო პერიოდში ანტიდასავლური ფორმა მიიღო და ეს დასავლეთში ჩვენს მეგობრებს აშფოთებთ. ეს განცხადებები მარტო ოპოზიციისთვის კი არ არის მიუღებელი, მათ მხარდამჭერებსაც კითხვის ნიშნებს უჩენთ, რადგან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც პროდასავლური პარტია და დღემდე ასე პოზიციონირებს.
არ ვთვლი, რომ ვინმე საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს და განსაკუთრებით ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ვინც მთელი 30 წლის მანძილზე გარანტი იყო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის. „ქართული ოცნება“ დღეს აჯერებს ამომრჩეველს, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია, საქართველოში დაიწყოს ომი, რაც აბსოლუტური სიბრიყვეა და ამ გაზავნილის ხშირი გამეორება აზიანებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას არ აქვს ევროპის, ევროკავშირის და ნატო-ს სხვა ალეტნატივა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.