ლევან იოსელიანი - რისთვისაც აქამდე ვიბრძოდით, იმას თუ მივაღწევთ, პარლამენტში შევალ, პოლიტიკაში იმიტომ არ მოვსულვარ, რომ გიგა ბოკერიასთნ ერთად ქუჩაში ვიდგე
ლევან იოსელიანი - რისთვისაც აქამდე ვიბრძოდით, იმას თუ მივაღწევთ, პარლამენტში შევალ, პოლიტიკაში იმიტომ არ მოვსულვარ, რომ გიგა ბოკერიასთნ ერთად ქუჩაში ვიდგე

რისთვისაც აქამდე ვიბრძოდით, იმას თუ მივაღწევთ, პარლამენტში შევალ, პოლიტიკაში იმიტომ არ მოვსულვარ, რომ ბოკერიასთნ ერთად ქუჩაში ვიდგე, – ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა კითხვას, აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, თავად კი პოლიტიკიდან წავა.

„ირაკლი კობახიძის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოლაპარაკებას აქვს აზრი და წითელი ხაზები, რომელიც იყო დადგენილი, გადაკვეთილია. ეს არის წინ გადმოდგმული ნაბიჯი. ტექნიკურად როგორ განხორციელდება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი, რაც მოლაპარაკებებზე ხდება და დღევანდელი განცხდებაც მიუთითებს ერთ რამეს – შეთანხმებას აქვს აზრი და უნდა შედგეს. სხვანაირად ეს ქვეყანა შევა ჩიხში და მე არ ვარ მომხრე, ქვეყანა ჩიხში შევიყვანო.

თუ მივაღწევთ იმას, რისთვისაც ვიბრძოდით აქამდე, რა თქმა უნდა შევალ პარლამენტში. პოლიტიკაში იმიტომ არ მოვსულვარ, რომ ბოკერიასთნ ერთად ქუჩაში ვიდგე. პოლიტიკაში მოვედი იმიტომ, რომ თუ დავინახავ არის წინსვლა, ამას დავუჭერ მხარს. მთავარია, გამოვიტანო ის შედეგი, რაც ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ შექმნის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას. მისივე თქმით, თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, თავად კი დატოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას.