ლევან იოსელიანი - „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ პარტიად არ ვთვლი, თუმცა მიმაჩნია, რომ მათი ბოლო დროინდელი განცხადებები ძალიან დამაბნეველია მათივე ამომრჩველისთვის
„ქართულ ოცნებას“ პრორუსულ პარტიად არ ვთვლი, თუმცა მიმაჩნია, რომ მათი ბოლო დროინდელი განცხადებები ძალიან დამაბნეველია მათივე ამომრჩველისთვის, რადგან „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროდასავლელი ამომრჩეველი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, გაუგებარია, რაში სჭირდებათ ამ ტიპის განცხადებები მაშინ, როცა მთელი პოლიტიკური სიმყარე, რაც რომელიმე პარტიას აქვს, დგას იმ მხარდაჭერაზე, რაც ამ პარტიებს დასავლეთიდან აქვთ.
„რომ ვფიქრობდე, პარლამენტში მმართველი ძალა პრორუსია, აქ საერთოდ არ გავჩერდებოდი და ბრძოლის აბსოლუტურად განსხვავებულ მეთოდს ავირჩევდი. „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ პარტიად არ ვთვლი, თუმცა მიმაჩნია, რომ მათი ბოლო დროინდელი განცხადებები ძალიან დამაბნეველია მათივე ამომრჩველისთვის, რადგან „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროდასავლელი ამომრჩეველი. ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდებათ ამ ტიპის განცხადებები მაშინ, როცა მთელი პოლიტიკური სიმყარე, რაც რომელიმე პარტიას აქვს, დგას იმ მხარდაჭერაზე, რაც ამ პარტიებს დასავლეთიდან აქვთ. ჩვენი ხალხის ერთადერთი არჩევანი დასავლურია და ამ არჩევანის წინააღმდეგ წასვლის რესურსი არც ერთ პარტიას არ აქვს. მივიჩნევ, რომ მათი განცხადებები ხშირად დამაბნეველია, რადგან ის განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელსაც აწარმოებენ – ვიცი, საერთაშორისო ასპარეზზე რა გადაწყვეტილებებს ვაძლევთ ხმას, ამიტომ ვფიქრობ, მათ დროულად უნდა შეცვალონ და დაასრულონ ანტიდასავლური გამონათქვამები ან ღიად თქვან, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რით არის განპირობებული. ამის არგუმენტი ვერ მოვისმინე გარდა იმისა, რომ ომში ჩართვა უნდა დასავლეთს, რისიც არ მჯერა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.