ლევან იოსელიანი - „ქართულ ოცნებას“ აღარ სჭირდება დამტკიცება, „ნაცებს“ რევოლუცია უნდათო, რადგან კაცი იძახის, რევოლუცია კი არა, ომი მინდაო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სულ მცირე, უნდა უარყოს ჩალაძის განცხადების შინაარსი
როცა პარტიის ასე თუ ისე ცნობილი ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, სულ მცირე, პარტია უნდა გამოვიდეს და გაემიჯნოს ამ განცხადების შინაარსს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით ლევან იოსელიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას ნიშნავს გიორგი ჩალაძის განცხადება, რომ „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.
„მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიცნობ ბევრ ადამიანს და იქ არიან საკმაოდ გონიერი ხალხი, ვისაც ესმის, რომ ასეთი განცხადებები, რაც გიორგი ჩალაძემ გააკეთა, არათუ აახლოებს ხელისუფლებაში დაბრუნებასთან, არამედ, პირიქით, უფრო და უფრო შორს აგდებს შესაძლებლობას, რომ ისინი როდესმე დაუბრუნდნენ ძალაუფლებას. როცა პარტიის ასე თუ ისე ცნობილი ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, სულ მცირე, პარტია უნდა გამოვიდეს და უარყოს ამ განცხადების შინაარსი; გაემიჯნოს და თქვას, რომ ეს არის ამ კონკრეტული ადამიანის აზრი და ჩვენ ასეთი რამ აზრადაც არ გვაქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აღარ სჭირდება იმის თქმა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუცია უნდა.
„აღარ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ვინმესთვის იმის დამტკიცება, „ნაცებს“ რევოლუცია უნდათო, რადგან კაცი გამოდის და იძახის, რევოლუცია კი არა, ომი მინდაო. მერე ნურავის უკვირს, რომ ოპოზიციას საზოგადოებაში ვერ ექნება ის მხარდაჭერა, როგორიც უნდა ჰქონდეს. კვლევებმა ეს დაადასტურა. თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ 6%-ზეა ჩამოსული“, – აღნიშნა იოსელიანმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა ის სააკაშვილის დასახმარებელ კამპანიაში მონაწილეობის მიღებას, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ლიდერებს მოუწოდებენ, ანაზღაურების 50% სააკაშვილის დასახმარებელ ფონდში გადარიცხონ, მაშინ როდესაც სააკაშვილის ოჯახმა უკვე დაიქირავა ლობისტური კომპანია „გლობალ ფოინთი“ და საადვოკატო მომსახურების მიზნით თანხაც შეიტანა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მას არ ესმის, რა საჭიროა ლობისტური კომპანიის დაქირავება.
„თუ ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში შემდგომ არჩევნებში წინსვლას მიაღწიონ, მაშინ მათ მთელი ძალისხმევა უნდა მიმართონ საკუთარი მოქალაქეების მიმართ და მათ უნდა აუხსნან თავიანთი უპირატესობის შესახებ, რატომ იმსახურებენ მხარდაჭერას. საქართველოს მოქალაქეების მაგივრად არჩევანს ვერ გააკეთებენ ვერც ბრიუსელში, ვერც ვაშინგტონში და ვერც ვერსად. ამიტომ ქვეყნის გარეთ როგორი ძალისხმევაც არ უნდა იყოს გაწეული, ეს ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით წარმატების მიღწევას“, – განაცხადა იოსელიანმა.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს საქართველოს მიმართ ევროკომისიის დადებითი დასკვნის შესახებაც ჰკითხა, არის თუ არა ეს დასკვნა სიგნალი იმისთვის, რომ ყველა აქტორმა ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით უნდა შეძლოს თანამშრომლობა და რის დასათმობად არის მზად პარტია „მოქალაქეები“, რაზეც ლევან იოსელიანმა უპასუხა, რომ ეს არის ქვეყნის წარმატება და მისთვის გაუგებარია იმ კრიჭაშეკრულ ოპოზიციონერთა კომენტარები, რომლებსაც საქართველოს მიმართ დადებითი შეფასება არ უხარიათ. რაც შეეხება იმას, თუ რის დასათმობად არის მზად მისი პარტია, რათა დეპოლარიზაცია მოხდეს, იოსელიანის თქმით, პარტია „მოქალაქეებმა“, კოლეგებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რომ 12 პუნქტი უფრო უკეთესად ყოფილიყო შესრულებული, ვიდრე მათ გარეშე იქნებოდა.
„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, კრიჭაშეკრული ოპოზიციონერების კომენტარებს რომ ვისმენ. მათ აშკარად ეტყობათ, რომ არ უხარიათ ის შეფასებები, რომელიც საქართველომ მიიღო. ეს ამავე დროს ტრაგიკულია, რადგან შენი ვიწროპარტიული ინტერესიდან ვერ გამოდიხარ და დიდ სურათში ვერ ხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია შენი ქვეყნის წარმატება. აქ შენი პარტია და შენი ინტერესი საერთოდ რა მოსატანია?!“ – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.