ლევან იოსელიანი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენ ვერ შევაფასებთ, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს
ლევან იოსელიანი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენ ვერ შევაფასებთ, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენ ვერ შევაფასებთ, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მოგეხსენებათ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, წარდგინების შემდეგ ამ საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ალბათ ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გაკეთდეს შეფასებები. ჩვენი მხრიდან, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანს კითხვა დაუსვეს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებითაც, რამდენად იცნობს ის გამოძიების მასალებს და რამდენად არის ჩართული ამ საკითხებში.

„გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს. თუ იქნება ასეთი მომართვა და ვინმეს უფლების შელახვა დადასტურებული, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე ჩვენ საქმეს არ ვსწავლობთ. უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ. თუ იქნება დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც მისი უფლების დარღვევის შესახებ ისაუბრებს, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.