ლევან იოსელიანი - პრეზიდენტის განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ დაიწყოს პროცესი, სადაც ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთობლივად შეძლებენ 12 პუნქტზე არსებითი შედეგის დადებას
პრეზიდენტის განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ საფუძველი ჩაუყაროს, რაღაცნაირად დაიწყოს პროცესი, სადაც ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთობლივად შეძლებენ 12 პუნქტზე არსებითი შედეგის დადებას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
იოსელიანის თქმით, ცალკე აღებული არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტია არ პასუხობს რეალურად მოთხოვნებს, რომლებიც 12 პუნქტშია ასახული და საჭიროა სწორედ ერთობლივი მუშაობა.
„პრეზიდენტის განცხადება იმისთვისაა მიმართული, რომ საფუძველი ჩაუყაროს და რაღაცნაირად დაიწყოს პროცესი, სადაც ოპოზიცია და მმართველი პარტია შეძლებენ ერთობლივად ამ 12 პუნქტზე არსებითი შედეგის დადებას. ამ განცხადებიდან ეს ამოვიკითხე. ცალკე აღებული არც ერთი და არც მეორე არ პასუხობს რეალურად იმ მოთხოვნებს, რაც 12 პუნქტშია ასახული. ამას სჭირდება ერთობლივი მუშაობა. ამაზეა საუბარი მათ შორის ამ პუნქტებშიც. ხაზგასმითაა საუბარი, რომ „ოპოზიციასთან ერთად“, რამდენიმე პუნქტშია მითითებული. ამიტომ თავიდანვე მივესალმებოდი იმას, რაც პრეზიდენტს ჰქონდა დაწყებული – ეროვნული თანხმობის იდეას, მგრამ ამას თუ გადავთარგმნით კონკრეტულ საქმეში, ეს არის, რომ შევძლოთ საბოლოო ჯამში 12 პუნქტზე შეთანხმება და ერთობლივად გაგზავნა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ „გამოცხადებულ კობახიძისეულ თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან“. ზურაბიშვილის თქმით, ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა, ქვეყნის ღირსებას იცავს და მას არ უნდა შეეცვალოს გეზი.