ლევან იოსელიანი პრემიერ-მინისტრს მიმართავს, დაინტერესდეს სახელოვნებო სკოლების მასწავლებლების საკითხით, რომლებსაც მასწავლებლის სტატუსი არ აქვთ
საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების პედაგოგების ანაზღაურება უკიდურესად დაბალია და პედაგოგები ხშირად ენთუზიაზმზე მუშაობენ.
ლევან იოსელიანმა პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე სახელოვნებო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების ანაზღაურების საკითხზე ისაუბრა.
დეპუტატი პრემიერ-მინისტრს მიმართავს, დაინტერესდეს სახელოვნებო სკოლების მასწავლებლების პრობლემით, რომლებსაც არც მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემა ეხებათ და მასწავლებლის სტატუსიც კი არ აქვთ, შესაბამისად, მათზე, სხვა მასწავლებლებისგან განსხვავებით, არც ხელფასის ზრდა აისახება.
„რამდენიმე დღის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ მასწავლებლის ხელფასი იზრდება 125 ლარით, რაც ძალიან კარგია, მასწავლებლები ბევრად მეტსაც იმსახურებენ. მაგრამ მინდა, ბატონ ღარიბაშვილს შევახსენო, რომ 125 ლარი საერთოდ არ აქვთ მუსიკის მასწავლებლებს, ხატვის მასწავლებლებს და სახელოვნებო სფეროში დასაქმებულ სხვა მასწავლებლებს. ეს ადამიანები არიან უბრალოდ მიტოვებული, მათზე არავინ საუბრობს. დისკრიმინაციული მიდგომაა, როდესაც ყველას რაღაცა ემატება, საჯარო მოხელეებს 10%-ით ეზრდებათ ხელფასი და ამ ხალხს არასოდეს არაფერი ემატება. მათ ფაქტობრივად ხელფასი არ აქვთ, ენთუზიაზმზე მუშაობენ და ასწავლიან ჩვენ შვილებს – ხატვას, მუსიკას და სხვა. ამაზე არავინ საუბრობს. არაერთხელ მქონდა მცდელობა, ეს თემა გამეაქტიურებინა, ყველა საქმის კურსშია, ყველა მეთანხმება, მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ იდგმება. სკოლის მასწავლებლებს აქვთ პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სისტემა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ გამოდის, რომ მუსიკის მასწავლებელი არც კარიერულად და არც პროფესიულად არ უნდა განვითარდეს, მათ საერთოდ მასწავლებლის სტატუსიც კი არ აქვთ, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. არ მესმის, რატომ არის, პირობითად, ისტორიის ან ბიოლოგიის მასწავლებელი მასწავლებელი და ფორტეპიანოს ან ხატვის მასწავლებელი არ არის მასწავლებელი?! რადგან ეს ხალხი გზებს არ კეტავს და ქვებს არ ისვრის, ხომ არ შეიძლება, მათი ყველაფრისგან გარიყვა? ბევრჯერ მივმართე განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრს. საუბარია დაახლოებით ხუთ მილიონ ლარზე, რომელიც ამ ადამიანების პრობლემას ასე თუ ისე მოაგვარებს, მაშინ, როცა ასეულობით მილიონი ლარით იზრდება მთელი რიგი მიმართულებებით დაფინანსება. დღეს ეს ადამიანები რასაც იღებენ, ამას ხელფასი არ ჰქვია. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ დავკარგოთ შესაძლებლობა, ჩვენმა შვილებმა მიიღონ განათლება ამ მიმართულებით? ამ ქვეყანაში ეს საკითხი ბევრს აწუხებს, მათ შორის მეც. ამ ადამიანებს არაფერი არ ეხებათ არც დღეს, როდესაც დაანონსებულია მასწავლებლების ხელფასების ზრდა, სახელოვნებო სკოლების მასწავლებლების შემოსავალზე ეს არანაირად არ აისახება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.