ლევან იოსელიანი - პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, ოთხეულმა თავი ამოწურა, ვფიქრობ, მათი გზავნილები და წერილები დასრულდება
ველოდები სტრატეგიული პარტნიორის მიმართ რიტორიკის შერბილებას, რადგან პრემიერის გუშინდელი განცხადება ამას ნიშნავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, როგორც მივხვდი, ამ ოთხეულმა თავის თავი ამოწურა და ვფიქრობ, მათი ეს გზავნილები და წერილები დასრულდება. მათ გამოსვლებს თავიდანვე უარყოფითად ვაფასებდი. კარგი იქნება, თუ ამას წერტილი დაესმევა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მეტი პატივისცემა იქნება გამოხატული. მთლიანობაში, ველოდები რიტორიკის შერბილებას, რადგან პრემიერის გუშინდელი განცხადება ამას ნიშნავდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა: „პოლემიკით არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ, ამიტომ ჩემი, როგორც პრემიერის სურვილია, უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს“.