ლევან იოსელიანი - პარტნიორის მიმართ თუ პრეტენზიები გაქვს, პრობლემების მოგვარება დახურულად უნდა მოხდეს, ცუდია, რომ დისკუსია საჯაროდ გამოვიდა
ლევან იოსელიანი - პარტნიორის მიმართ თუ პრეტენზიები გაქვს, პრობლემების მოგვარება დახურულად უნდა მოხდეს, ცუდია, რომ დისკუსია საჯაროდ გამოვიდა

„ქართული ოცნების“ მოქმედ და ყოფილ წევრებს მოვუწოდებდი, რომ თავი შეიკავონ სტრატეგიულ პარტნიორზე ასეთი საუბრისგან, რადგან შეიძლება, ეს მათ პოლიტიკურ ინტერესში ამ კონკრეტულ სიტუაციაში იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოებრივობას სამომავლოდ ძალიან აზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, პარტნიორის მიმართ ასეთი სახის პრეტენზიები გაქვს, ამ ყველაფრისთვის არსებობს ფორმა.

„კელი დეგნანს სრულიად ვეთანხმები, რომ კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებები არ უნდა იყოს დამაზიანებელი და ხინჯი არ უნდა შეჰქონდეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში. ბუნდოვანი განცხადებები რას ემსახურება, ჩემთვის გაუგებარია. ურთიერთობების გაფრთხილება როგორ ხდება მაშინ, როცა თავად ელჩიც ამბობს, რომ ამ ყველაფრით ეს ურთიერთობები მხოლოდ ზიანდება. ზოგადად, თუ პარტნიორის მიმართ ასეთი სახის პრეტენზიები გაქვს, ამ ყველაფრისთვის არსებობს ფორმა, ფორმატი და ეს არ ხდება საჯაროდ საელჩოს მიმართ. პრობლემების მოგვარება დახურულად ხდება, ცუდია, რომ დისკუსია საჯაროდ გამოვიდა და პრეტენზიების წაყენება იმ ქვეყნის მიმართ საჯაროდ ხდება, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს დამხმარე იყო როგორც ფინანსურად, ასევე სისტემურად. ყველა უნდა დაფიქრდეს, ასეთი განცხადებები ვის წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.