ლევან იოსელიანი - პარლამენტში შესვლას თუ გადავწყვეტთ, გვექნება ძალიან მკვეთრი მიზეზი, რატომ შევდივართ, თუ შესვლაზე უარს ვიტყვით, ასევე გვექნება ძალიან ნათელი ახსნა
ჩვენ თუ პარლამენტში შესვლას გადავწყვეტთ, გვექნება ძალიან მკვეთრი მიზეზი, რატომ შევდივართ, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ვიღაც შეიძლება, შევიდეს და ვიღაც შეიძლება, არ შევიდეს; ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ვინც შევა და არ შევა, ამომრჩეველს უნდა აუხსნას, რატომ შევიდა და რატომ არ შევიდა. ჩვენ თუ პარლამენტში შესვლას გადავწყვეტთ, გვექნება ძალიან მკვეთრი მიზეზი, რატომ შევდივართ და თუ ამ შესვლაზე უარს ვიტყვით, ასევე გვექნება ძალიან ნათელი ახსნა, რატომ არ შევდივართ. ასე რომ, სხვა პარტიები რას იზამენ, ამ შემთხვევაში ჩვენზე გავლენას ვერ იქონიებს “, – განაცხადა იოსელიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რჩება თუ არა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში და თუ რჩება, როგორ აპირებს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებას, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ბოიკოტი ბოიკოტისთვის არ არის და ბოიკოტს აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ხელშესახები შედეგი რეალურად მიიღწევა.
„ვადამდელი არჩევნები ასე რომ ჩატარდეს, როგორც ეს არჩევნები ჩატარდა, გინდაც, ხუთჯერ ჩაატარონ, რა განსხვავება იქნება, თუ თამარ ჟვანიამ უნდა გადაწეროს ოქმები და გაიყვანოს პირველ ადგილზე ის პარტია, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას მისცემს?!“, – განაცხადა იოსელიანმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება სამართლიანი არჩევნების მიღწევა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომელთან ყოფნასაც ალეკო ელისაშვილი დისკომფორტად მიიჩნევს და რამდენად სამართლიანია თავად ეს ბრძოლა, როდესაც სამართლიან არჩევნებს ისეთ პარტიასთან ერთად ითხოვ, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პარტია „მოქალაქეებისთვის“ ამოსავალი წერტილი ისაა, რა არის კარგი ქვეყნისთვის.
„არსებობს პარტიული ამოცანები და არსებობს ზეპარტიული ამოცანები. მიგვაჩნია, რომ დღეს მივედით იმ პრობლემასთან, რომელიც ზეპარტიულია და „ნაციონალურ მოძრაობას“ და „მოქალაქეებს“ კი არ მოუტანს უკეთეს ქვეყანას, არამედ მთლიანად ქვეყანას წაწევს წინ“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, მთავარი ის იყო, რომ „ქართული ოცნების“ 48%-მა არჩევნების მეორე ტურს აზრი დაუკარგა.
„როდესაც პროპორციულ ნაწილში 48%-ს იწერ, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში ბრძოლას აზრი ეკარგება და მოცემულობა, რომ შეიძლებოდა, ხელისუფლება შეცვლილიყო, გაქრა. ეს ციფრი 5%-ით პატარა რომ ყოფილიყო, მეორე ტურები აბსოლუტურად სხვა ბრძოლა იქნებოდა, სადაც ამომრჩევლებს ექნებოდა არჩევანი – ხელისუფლება იცვლება, ან არ იცვლება. როცა ამას 48%-ით აზრს უკარგავ, მეორე ტურებს აზრი ეკარგება და გადაწყვეტილება ამიტომ იქნა მიღებული, რომ მეორე ტურებში მონაწილეობა არ მიგვეღო“, – განაცხადა იოსელიანმა.
შეკითხვაზე, გამარჯვების რა შანსი ჰქონდა ოპოზიციას იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ ნაწილში 44 % ექნებოდა, რადგან 17-დან 15 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს წარმატების საკმაოდ დიდი შანსი ჰქონდათ და უმრავლესობის დაკომპლექტების კონტექსტიდან ეს დიდ ცვლილებას არ იძლევა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, მეორე ტური ამ შემთხვევაშიც გარდამტეხი იქნებოდა, რადგან ფსიქოლოგიურად, ამომრჩევლის განწყობა განსხვავებული იქნებოდა.
„ამომრჩეველი დაინახავდა, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურებში მაჟორიტარების წაგების შემთხვევაში მთლიანად კარგავდა ხელისუფლებას. აქ ეს იყო მთავარი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.