ლევან იოსელიანი - პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა მაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციის შესახებ არ ვიცი, ვიმედოვნებ, შევძლებ, კონსენსუსური ფიგურა ვიყო
პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა მაქვს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ იცის, როგორია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია.
„მათი მთავარი, ყველაზე დიდი ბრალდება თუ ის არის, რომ ჩემი პერსონა რაღაც ლინკებით უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, ეს ნიშნავს, რომ მათ არგუმენტი არ აქვთ იმის წინააღმდეგ, რომ მე ვიქნები ობიექტური და მიუკერძოებელი. ყველას ვთხოვ, კონკრეტული უფლებების ნაწილში ჩემი განცხადება დადონ, სადაც ჩემი პოზიცია დარღვეული უფლებების მხარეს არ იყო ან რაიმე ფორმით დისკრიმინაციულ პოზიციას შეიცავდა. მესმის, ყველას მოსაწონი ვერ იქნება, რადგან არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები განსხვავებული მიზნებით. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, პარლამენტში შევძლებ, კონსენსუსური ფიგურა ვიყო, ვის გარშემოც 90 ხმაზე მეტი შეიკრიბება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას ფეისბუქპოსტს, სადაც ლომჯარიამ განაცხადა, რომ არცერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის.
ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ამ სტატუსის ობიექტი არ არის.
„ნინო ლომჯარიას სტატუსს რაც შეეხება, არ მიმაჩნია, რომ სტატუსის ობიექტი მე ვარ, რადგან თუ ვინმე ამ კანონპროექტს აპროტესტებს, ერთ-ერთი ჩვენ ვართ – მე და ალეკო. არ ვიცი, ნინო ლომჯარია რას გულისხმობს. მის საქმიანობას დადებითად ვაფასებ. როცა მან საქმიანობა დაასრულა, „პალიტრაზე“ მადლობა გადავუხადე და ვთქვი, რომ კარგი სახალხო დამცველი იყო. არ ვიცი, მას რა ამოძრავებს, როცა ჩემზე ასეთ რამეს წერს. როცა შემეძლო და სადაც შემეძლო, მას მხარს ვუჭერდი პრინციპულ პოზიციებში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.