ლევან იოსელიანი - ოპოზიციურ ჯგუფებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს გთავაზობთ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს წერილობით დავუდასტუროთ მზადყოფნა, რომ გავაკეთებთ ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის
ლევან იოსელიანი - ოპოზიციურ ჯგუფებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს გთავაზობთ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს წერილობით დავუდასტუროთ მზადყოფნა, რომ გავაკეთებთ ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის

პარლამენტში ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, დამოუკიდებელ დეპუტატს გთავაზობთ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს გავუგზავნოთ ერთობლივი წერილი, სადაც დავუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მზად არის, თანხმობის შემთხვევაში, საერთო ოპოზიური წერილის გაგზავნის კოორდინირება, როგორც ვიცე-სპიკერმა, საკუთარ თავზე აიღოს.

„2022 წლის მარტში, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც არ ვიცოდით აპირებდა თუ არა საქართველოს მთავრობა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსზე განაცხადის გაკეთებას, როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მივწერე ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირში უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს.

წერილში დავუდასტურე ჩემი და ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულება დასავლური ღირებულებებისადმი და ევროკავშირისკენ სწრაფვის სურვილი, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია. შესაბამისად, ვთხოვე, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მხარი დაეჭირათ. ასევე, ვთხოვე, საქართველო გათვალისწინებული იყოს ყველა იმ შესაძლო ფორმატში, რომელშიც ევროკავშირი უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების საკითხს ან რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის გზებს განიხილავს.

29 აპრილს, ქალბატონი ლაიენისგან და ბატონი ბორელისგან მივიღე პასუხი, სადაც ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი საქართველოს წევრობის განაცხადს მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სურს ევროკავშირის ნაწილი იყოს (პასუხის სრული ტექსტი შეგიძლიათ ფოტოზე იხილოთ).

ფაქტი არის ის, რომ ევროკავშირი მზად არის გააძლიეროს და გააღრმავოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად. სხვა ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს.

ამიტომაც, ამჯერად პარლამენტში წარმოდგენილ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს და დამოუკიდებელ დეპუტატს გთავაზობთ, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს გავუგზავნოთ ერთობლივი წერილი, სადაც დავუდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. მზად ვარ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, საერთო ოპოზიური წერილის გაგზავნის კოორდინირება, როგორც ვიცე-სპიკერმა, ჩემს თავზე ავიღო“, – წერს ლევან იოსელიანი.