ლევან იოსელიანი - ოპოზიციამ ხელისუფლებასთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, ვიდრე ეს არ მოხდება, რამე ტიპის გარდატეხებზე საუბარი ზედმეტია
ლევან იოსელიანი - ოპოზიციამ ხელისუფლებასთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, ვიდრე ეს არ მოხდება, რამე ტიპის გარდატეხებზე საუბარი ზედმეტია

არ ვიცი, რას გულისხმობს თალაკვაძე, როდესაც ამბობს, რომ სტატუს-კვო შეიცვალა, ფაქტია, ახალი რაუნდი არ გამართულა და შეთანხმების თვალსაზრისით წინ არ წავწეულვართ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, არსებული პოლიტიკური ვითარება შეიცვლება მაშინ, როდესაც მიაღწევენ შეთანხმებას და აქედან გამომდინარე ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ყველაფერი შეიცვლება მაშინ, როდესაც მივაღწევთ შეთანხმებას და ამ შეთანხმების შემდეგ ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ გააგრძელებს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, წინ გვაქვს მეხუთე რაუნდი. მეხუთე რაუნდი გულისხმობს იმას, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან, მმართველ პრტიასთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. სანამ ეს არ მოხდება, რამე ტიპის ცვლილებებზე, რამე ტიპის გარდატეხებზე საუბარი სრულიად ზედმეტია. ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, არავის ეს არ დაურღვევია. შესვლის შესახებ ცალკეულმა დეპუტატებმა განაცხადეს, მგონი, „პატრიოტთა ალიანსიდან“, თუმცა, ძირითადად ოპოზიცია ამ ნაწილში არის ერთსულოვანი. მოლაპარაკების საკითხები დევს მაგიდაზე“, – განცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის განმარტებით, პარტია „მოქალაქეებისთვის“ მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება და საარჩევნო სისტემის ფორმირების საკითხი.

„სხვებისთვის სხვა საკითხები არის პრიორიტეტული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ სხვა პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტებს. იმედია,  ისინიც გაითვალისწინებენ იმას, რაც ჩვენთვის არის პრიორიტეტული.

მმართველ პრტიასთან ცალკე შეხვედრა ჩვენ არ გვქონია, რამე ტიპის მოლაპარაკებები არ წარგვიმართავს. მოლაპარაკებების ფორმატი ცნობილია და მიმდინარეობს ელჩების თანდასწრებით, შესაბამისად, ამ კუთხით რამე სიახლე ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, უახლოეს თვეებში პარლამენტი ზუსტად ისეთ ფორმაში იქნება, როგორც საზოგადოებამ აირჩია, სტატუს-კვო მალე შეიცვლება.