ლევან იოსელიანი - ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა კიდევ უფრო დაამძიმებს პოლარიზებულ გარემოს, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ
ნიკა მელიასთვის უფლებამოსლების შეწყვეტა კიდევ უფრო დაამძიმებს პოლარიზებულ გარემოს, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის თქმით, ის და ალეკო ელისაშვილი ეცდებიან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაარწმუნონ, რომ მას დეპუტატის იმუნიტეტი არ მოუხსნან.
„ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ვეცდებით, „ქართული ოცნებიდან“ კოლეგები დავარწმუნოთ, რომ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იმ საქმეზე, რაზეც ერთხელ უკვე შეუწყდა, არასწორია. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ისეთი კოლეგები, რომლებიც ამ საკითხს უფრო მეტი პასუხისმგებლობით შეხედავენ და გაიაზრებენ, რომ პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში, პროცესს კიდევ უფრო გაართულებს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა. რატომ არ მოვუხსენით დეპუტატებს უფლებამოსილება? იმიტომ, რომ მოლაპარაკებებისთვის სივრცე ყოფილიყო. ამ სივრცეს ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დაავიწროვებს“, – განაცხადა იოსელიანმა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მოლაპარაკების პროცესს დააბრკოლებს.
„ვისურვებდი, რომ ნიკა მელიას გირაო გადაეხადა. არ მემეტება საპატიმროსთვის, თუმცა მის გადასაწყვეტია. მან, როგორც პოლიტიკოსმა, ეს რისკი აიღო, ალბათ, აქვს თავისი გეგმა, რაც ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს. პოლიტიკური კრიზისის თვალსაზრისით, კარგი არაფერი მოხდება, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს პოლარიზებულ გარემოს – ოპოზიციის დიდი ნაწილი გარეთაა და მოლაპარაკებები ვერ გრძელდება. მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საჭიროა ნდობის აღდგენა და ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დამაბრკოლებელი იქნება“, – განაცხადა იოსელიანმა.