ლევან იოსელიანი - ნიკა მელიას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის, ვისურვებდი, გირაო გადაიხადოს
ნიკა მელიას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის. ვისურვებდი, გირაო გადაიხადოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ნიკა მელიას მიმართ წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზემოქმედება ხორციელდება.
„ამ საქმეს 20 ივნისის კონტექსტში ვუყურებ. თქვენ იცით, რომ ბესიკ თამლიანის ადვოკატი ვიყავი, ამ საქმეების შინაარსა და მტკიცებულებებს ვიცნობ. პრაქტიკულად, ყველა საქმე ერთი და იგივეა. მტკიცებულებების თვალსაზრისით, ბესიკ თამლიანის საქმისგან მელიას საქმე არაფრით განსხვავდება. ეს საქმეები ვერ ამტკიცებს ამ ადამიანების ბრალეულობას, რაშიც ედავებიან.
„ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ნიკა მელიას მიმართ ეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზემოქმედებაა. თუ პარლამენტში მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ, რადგან არ იქნება სწორი. ნიკა მელიას ხილვას გარეთ ვისურვებდი, ვიდრე ციხეში. მირჩევნია, ის იყოს გარეთ და იმის კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს. მას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის. ვისურვებდი, გირაო გადაიხადოს, მაგრამ მისი გადასაწყვეტია. ეს ყველაფერი რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებით ერთკვირიანი ვადა 5 თებერვალს მისცა.