ლევან იოსელიანი - ნიკა მელიას ნებაა, პარლამენტი დატოვოს და თუ ადამიანს დეპუტატობა არ უნდა, ვერ წარმომიდგენია, ძალით რატომ უნდა დააკავო
ნიკა მელიას ნებაა, პარლამენტი დატოვოს და თუ ადამიანს დეპუტატობა არ უნდა, ვერ წარმომიდგენია, ძალით რატომ უნდა დააკავო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ლევან იოსელიანის განცხადებით, მელიას პარლამენტში ყოფნა არ უნდა, რაც სწორი არ არის, რადგან ამომრჩეველმა ნდობა გამოუცხადა.
„როცა ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებაზე იყო საუბარი და მას იჭერდნენ, ოპოზიციიდან მე და ალეკო ელისაშვილი ორი დეპუტატი ვიყავით, რომელმაც მხარი არ დავუჭირეთ, რადგან მიგვაჩნდა, რომ სწორი არ იყო, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, მისი ნებაა, რომ პარლამენტი დატოვოს და თუ ადამიანს დეპუტატობა არ უნდა, ვერ წარმომიდგენია, ძალით რატომ უნდა დააკავო. ვინაიდან არ უნდა, სწორი იქნება, შეუწყვიტო. მას მხარს დავუჭერ. შეიძლება, მისთვის ამ პარლამენტში ყოფნა უხერხულია იმ ფონზე, როცა რეფერენდუმის საკითხი არ გამართლდა. ამის შემდეგ შეიძლება, გაუმძაფრდა პარლამენტში შემოსვლის დისკომფორტი. მას პარლამენტში ყოფნა არ უნდა, რაც სწორი არ არის, რადგან ამომრჩეველმა ნდობა გამოუცხადა. ნიკა მელია არის პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტში ყოფნა მას ვერ გახდის უფრო დიდ ლიდერად, ვიდრე არის ან ვერ შეამცირებს მის ფაქტორს. აქ პასუხისმგებლობის საკითხია, რაც ყველა დეპუტატს აქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.