ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ამბობდნენ, ხელში გვაქვს არჩევნების გაყალბების ყველა მტკიცებულებაო, ორი ვარიანტია - ან არ აქვთ და მაშინ გაყალბებაზე აჟიოტაჟი იყო სისულელე, ან შეგნებულად არ მოაქვთ
ჩემი ამოცანა არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ნიღბის ახდა, ეს არ მაინტერესებს, ჩემი ამოცანაა, არჩევნები თუ გაყალბდა, და ვამბობთ, რომ გაყალბდა, ეს დავამტკიცოთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი შეფასებით, თუ საგამოძიებო კომისიაში არ იქნება წარმოდგენილი ოპოზიცია, რომლებსაც არჩევნებზე დამკვირვებლები ჰყავდათ, კომისია ვერაფერს დაადგენს.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ მივედით იქამდე, რომ ამ პარტიებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რადგან მათი კომისიის წევრები არიან. მტკიცებულებები ჩვენ გვაქვს საბურთალოზე, რაღაც ნაწილი და საბურთალოს ჩვენ ვერ განვაზოგადებთ მთელ საქართველოზე.
ჩვენ დავინახეთ, საბურთალოზე რა სიტუაცია იყო, ჩვენ დავინახეთ „ისფედის“ მონაცემები, ვიდრე ის გადასწორდებოდა და შეცვლიდა თავის პირვანდელ ჩვენებას, ჩვენ დავინახეთ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ ხელში გვაქვს აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა დამკვირვებლები, კომისიის წევრები, ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა. მას მერე ჩვენ ვამბობთ, რომ ელჩების თანდასწრებით ვითხოვთ, წარმოადგინონ მათ ეს მტკიცებულებები. მათ სასამართლოში ხომ შეიტანეს რაღაც დოკუმენტები, ცარიელი ფურცლები ხომ არ შეუტანიათ, რაღაც ხომ დაურთეს ამას მტკიცებულებად, რაც სასამართლომ არ განიხილა და მტკიცებულებებად დაურთეს, რაც თვლიან, რომ ადასტურებს გაყალბებას, ეს დოკუმენტაცია მოიტანონ საგამოძიებო კომისიაში, დავსხდეთ ერთად და მე და ალეკო პირობას ვდებთ, რომ მათზე უფრო მოწადინებულები ვიქნებით…
რომ არ შემოვლენ (საგამოძიებო კომისიაში) და რომ ვხედავთ, რომ არ შემოდიან, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს რესურსი, მათ გარეშე ეს ყველაფერი დავადასტუროთ. ჩემი ამოცანა არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ნიღბის ახდა, ეს არ მაინტერესებს, ჩემი ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ არჩევნები თუ გაყალბდა და ვამბობთ, რომ გაყალბდა, ეს დავამტკიცოთ“, – განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის განმარტებით, კარგი იყო ირაკლი კობახიძის წინადადება, დაემტკიცებინათ 1-პროცენტიანი გაყალბება, თუმცა დღემდე მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
„როდესაც კობახიძემ შემოგვითვალა წინადადება – დამიმტკიცეთ, რომ 1-პროცენტიან გაყალბებას ჰქონდა ადგილიო, იმ დღის შემდეგ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან კარგი წინადადება და, მოდით, დავამტკიცოთ, წარმოვადგინოთ ეს მტკიცებულებები, მაგრამ დღემდე ასეთი რაღაც წარმოდგენილი არ არის. აქ არის ორი ვარიანტი – ან ეს მტკიცებულებები რეალურად არ აქვთ, და მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ გაყალბების შესახებ მთელი ეს აჟიოტაჟი იყო თავიდანვე სისულელე და გადაჭარბებული, ან მტკიცებულებები აქვთ, შეგნებულად არ მოაქვთ და არ ამტკიცებენ.
მზად ვართ, შევიდეთ საგამოძიებო კომისიაში, ოღონდ უნდა შემოვიდეს ის ხალხი, ვინც ამ პროცესს მართავდა, ვის ხელშიც არის ყველაფერი. ჩვენ ვერ ვიქნებით ვიღაცის იმედად, მითუმეტეს იმ პარტიების, რომლებიც არ არიან დაინტერესებული, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგეს. მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში, თუ ოპოზიცია იმ მოცემულობით, რასაც მე ვამბობ, არ იქნება წარმოდგენილი, საგამოძიებო კომისია ვერაფერს ვერ დაადგენს”, – განაცხადა იოსელიანმა.