ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის გიგა ბოკერიას მძევლობაში
პარტია „მოქალაქეების“ წევრს, ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გიგა ბოკერიას მძევლობაშია. „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით ლევან იოსელიანმა „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიმართ პრეტენზიები იმიტომ გაჩნდა, რომ მათი ამოცანაა, რომ პროცესი მთლიანად ჩაშალონ.
„ყველა დოკუმენტი, რაზეც შეხვედრებზე მიდის საუბარი, „ფორმულაში“ რომ ხვდება, ყველამ ვიცით, საიდან ხვდება. რასაც შეხვედრაზე მივიტანთ, მედიისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ეს ადამიანები მოლაპარაკებებზე ამბობენ, რომ დეტალებს არ გაახმოვანებენ, მაგრამ სამწუხაროდ, საპირისპიროს აკეთებენ და იმისთვის, რომ პროცესი დააზიანონ, რადგან არ უნდათ, ამ პროცესიდან რაიმე შედეგი გამოვიდეს. სხვა პარტიებმაც იციან ეს ყველაფერი, გამბედაობა უნდა ეყოთ და ამაზე ხმა უნდა ამოიღონ, ნუ არიან ჩუმად, რადგან ეს ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ ეს პარტია და ეს ორი ადამიანი მძევლად აიყვანს მთელ ოპოზიციას. ყველაფერი აქეთკენ მიდის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის გიგა ბოკერიას მძევლობაში. ამას მე კი არ ვამბობ, თავად ამბობენ იმ პარტიაში, ვისაც აზრი მოეკითხება და ძალიან კარგად იცის ხატია დეკანოიძემ. იმ პარტიაში ბევრი ნათელი თავია, ვინც იცის, რა ხდება და ვისაც უნდა გამოსავალი იპოვოს, გამბედაობა არ ჰყოფნის, რომ ამაზე ილაპარაკოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ თავი დავანებოთ, სხვა პარტიებიც არიან, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობს. ყველა დანარჩენს უნდა, რაღაც გამოვიდეს, ამათ არ უნდათ, მოლაპარაკებებიდან რაღაც გამოვიდეს. უნდათ, პროცესი მთლიანად ჩაშალონ და ეს ელჩებმაც კარგად იციან“, – განაცხადა იოსელიანმა.