ლევან იოსელიანი - მტკიცებულებები უნდა წარადგინოს იმ მხარემ, რომელმაც ბრალი დაგვდო, თუ ჩვენს მხარეს რაიმე აქვს წარსადგენი, კარგი იქნება, წარმოადგინოს და ყველაფერი უფრო ნათელი გახადოს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებაზე მტკიცებულებების გარეშე რაიმე დასკვნის გაკეთება რთულია.
საუბარია განცხადებაზე, სადაც კულება ამბობს: „ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი“.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა დაბალ ნიშნულზეა, ხოლო ელჩი ქვეყნიდან გაწვეულია.
„ამაში არის საქართველოს ხელისუფლების ბრალიც, რადგან მთელი რიგი გზავნილები შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო და ეს ყველაფერი ასე არ წარმართულიყო. რაც შეეხება კულებას განცხადებას, ეს ის საკითხია, სადაც მტკიცებულებების გარეშე რაიმე დასკვნის გაკეთება რთული იქნება. ვინ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები? – ალბათ, იმ მხარემ, რომელმაც ბრალი დაგვდო. თუ ჩვენს მხარეს რაიმე აქვს წარსადგენი, კარგი იქნება, თუ წარმოადგენს და ამ ყველაფერს უფრო ნათელს გახდის უპირველესად ქართული საზოგადოებისთვის, ხომ არ ხდებოდა რაიმე სახის იარაღის მიწოდება რუსეთისთვის“, – განაცხადა იოსელიანმა.