ლევან იოსელიანი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, სახალხო დამცველი აქტიურად არის ჩართული სამუშაო ჯგუფში, რათა პრობლემა ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადაიჭრას.
„ეს პრობლემა როდესაც დადგა, პირველივე დღიდან, ერთი თვის წინ ჩავერთეთ პროცესში. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა პრობლემა რამენაირად იქნას გადაწყვეტილი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. აქციის მიმართ მონიტორინგი არ შეგვიწყვეტია, გამოხატვის ნაწილში რაიმე ტიპის შეზღუდვას თუ ექნება ადგილი ან რაღაც პრობლემა იქნება, ამაშიც ვართ ჩართული. ადამიანურად მაწუხებს, რომ ამ ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება, კანცელარიაში პირადი ჰიგიენის საკითხები მოიწესრიგონ. მოვუწოდებდი კანცელარიის ადმინისტრაციას, ამ ადამიანებს ჰქონდეთ, ერთი მხრივ, გამოხატვის საშუალება, მეორე მხრივ, ღირსეულ პირობებში შეძლონ ამ ყველაფრის გაკეთება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის განცხადებით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის ავკარგიანობაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ.
„ჩვენი ინტერესია ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს საკითხი. სამედიცინო თვალსაზრისით ეს მედიკამენტი ყველა კრიტერიუმს თუ აკმაყოფილებს, ის უნდა მიიღონ ბავშვებმა. ბუნებრივია, სახალხო დამცველის აპარატი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვერც ამ პრეპარატის შემოტანაზე, ვერც ხარისხზე და ვერც შედეგზე. ეს არ არის ჩვენი შეფასების ნაწილი. ეს ვინც უნდა გააკეთოს, მათთან ამ ადამიანების ეფექტურ კომუნიკაციას ვუწყობთ ხელს. ამ პროცესში სოლიდარობას გამოვხატავთ. რამდენიმე პოლიტიკოსი დამიკავშირდა და ვუთხარი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე არ ვარ, რადგან პოლიტიკოსებს საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და სახალხო დამცველს – თავისი. შესაბამისად, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი მანდატის ფარგლებში. მოვედი, რათა მშობლებისთვის დამედასტურებინა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ მათი შვილების ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.