ლევან იოსელიანი - მოწოდებებით საუბარი, რომ ვიღაცა ვიღაცას საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია, რადგან მე ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია ამის აღსრულება
მოწოდებებით საუბარი, რომ ვიღაცა ვიღაცას საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია, რადგან მე ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია ამის აღსრულება, იმ თვალსაზრისით, რომ პარტიებს ამის პოტენციალი არ გააჩნიათ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
ლევან იოსელიანის თქმით, ადამიანებს როდესაც რაღაცის მიმართ აქვთ პროტესტი, ყველა მოწოდების მიუხედავად გამოდიან ქუჩაში და ამ პროტესტს გამოთქვამენ.
„არავის მოწოდება არ სჭირდება და ეს ჩვენ ვნახეთ 20 ივნისს, როდესაც ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, რათა დაეცვა თავიანთი მთავარი გზავნილი, რომ საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს ევროატლანტიკურ და პროდასავლურ კურსს. ასე რომ, მოწოდებებით, რომ ვიღაცას ვიღაცა საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია ამაზე საუბარი, რადგან მე ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია ამის აღსრულება. იმ თვალსაზრისით, რომ პარტიები, რომლებიც ამას საუბრობენ, ამის პოტენციალი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც, ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან“.