ლევან იოსელიანი - მოლაპარაკების მესამე რაუნდი სავარაუდოდ ამ კვირაში შედგება, ვფიქრობ, რაღაც შედეგს მივაღწევთ, არსებობს ალბათობა, რომ ჩვენი პოზიციები დაახლოვდეს
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე „ქართული ოცნების“ წინადადება ოპოზიციის მოთხოვნების საპირწონე უნდა იყოს.
„წინასწარ გამიჭირდება თქმა, რა წინადადებით მოვლენ, თუმცა ეს უნდა იყოს წონადი წინადადება და საპირწონე იმის, რა მოთხოვნებიც აქვს ოპოზიციას. ოპოზიციაც იმიტომ ზის მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ მასაც აქვს რესურსი, თავისი მოთხოვნები დათმოს და დაუახლოვოს მოთხოვნები, მაგრამ ძირითადად ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე. მათ ჩვენთვის დღემდე შემოთავაზება არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
იოსელიანი ფიქრობს, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარე კვირაში შედგება და გარკვეული შედეგით დასრულდება.
„მესამე რაუნდი სავარაუდოდ ამ კვირაში იქნება. მგონია, რომ რაღაცა შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ხელისუფლებასაც ესმის, რა რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი და ოპოზიციასაც აქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში იფიქროს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე. არსებობს იმის ალბათობა, რომ ჩვენი პოზიციები დაახლოვდეს“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმის შემთხვევაში, პარლამენტში თავადაც შევა, ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მართლმსაჯულების რეფორმას არ დათანხმდება.
„რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის განცხადებას, მართლმსაჯულების რეფორმის დათმობა ნიშნავს ხელისუფლებიდან წასვლას, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, ასეთ რაღაცას გააკეთებს“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.