ლევან იოსელიანი მმართველ გუნდს მოუწოდებს, საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიული პირები არ იყვნენ წარდგენილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი მმართველ გუნდს მოუწოდებს, საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიული პირები არ იყვნენ წარდგენილი და ამ მიმართულებით კანონმდებლობაში კონკრეტული დამცავი მექანიზმები ჩაიდოს.
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ კანონმდებლობაში თუ მსგავსი ფილტრი იქნება ჩადებული, ის ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
„საარჩევნო კოდექსში“ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რომელიც უპირველესად ელექტრონული მთვლელი მანქანების შემოტანას ეხება. საოლქო საარჩევნო კომისიაში წევრების დანიშვნაზე ოპოზიციის მონაწილეობის საკითხი დაზუსტებული არ არის და თუ ეს საკითხი რაღაც ფორმით იქნება გათვალისწინებული და გადაზღვეული იქნება, ცვლილებებს მხარს დავუჭერ, რადგან ბევრი კარგი ცვლილებაა მომზადებული და ოპოზიციის ინიციატივებიც არის გათვალისწინებული. საოლქო საარჩევნო კომისია მნიშვნელოვანი ორგანოა, სადაც ოპოზიციის გარეშე წევრების დანიშვნა მიუღებელია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომელთაც „ქავერად“ ეყენათ პარტიული დროშა და 41 ნომერი, ეს ადამიანები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად აირჩიეს. ამ ყველაფერს ფილტრი სჭირდება – პარტიული ნიშნით ადამიანების მოხვედრის. თუ ეს ფილტრი იქნება, ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა იოსელიანმა.
პარლამენტი საარჩევნო მიმართულებით მომზადებულ ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.