ლევან იოსელიანი - მინდა, ყველას მოგილოცოთ, რომ ახალი „საარჩევნო კოდექსით“ არჩევნები ჩატარდება ბევრად უფრო თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში
მინდა, ყველას მოგილოცოთ, რომ ამ „საარჩევნო კოდექსით“ არჩევნები ჩატარდება ბევრად უფრო თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო რეფორმის შედეგად, მანიპულაციების შანსი ნულამდე იქნება დაყვანილი.
„ყველა დარწმუნდა, რომ სიტყვა, რომელიც ასე აიტაცეს, საბოლოო ჯამში სწორი გამოდგა. ანუ „საარჩევნო კოდექსი“ ბევრად უფრო გაწიკწიკებულია, ვიდრე აქამდე იყო. მინდა ყველას მოგილოცოთ და გითხრათ, რომ ამ „საარჩევნო კოდექსით“ არჩევნები ჩატარდება ბევრად უფრო თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში, სადაც მანიპულაციების შანსი პრაქტიკულად ნულამდე იქნება დაყვანილი. ამ ქვეყანაში იდეალური არაფერი არ არის, მაგრამ ეს კოდექსი უზრუნველყოფს, რომ არჩევნების დღეს გაყალბება, „კარუსელები“ და ასეთ რაღაცები ძალიან რთული იქნება. ამაში დავრწმუნდებით, როდესაც არჩევნების მეორე დღე ქვეყანაში მშვიდი იქნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, პარტიებმა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, ამით მათ მხარი არ დაუჭირეს ქვეყნის უკეთეს მომავალს.
„ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია. მათ მხარი არ დაუჭირეს საქარველოს ხვალინდელ უკეთეს მომავალს. მიზეზი რაც მოიტანეს, სრულიად გაუგებარია. რა დისკრიმინაციაზეა საუბარი იმ პარტიის მიმართ, რომელსაც მილიონობით ლარი აქვს აღებული და პარლამენტში ერთი დღე არ არის ნამყოფი. ეს აბსოლუტურად შეუსაბამო მიზეზია. მე უფრო მგონია, რომ ისინი მიზეზებს ეძებდნენ, რათა მხარი არ დაეჭირათ. როცა მიზეზს ეძებთ, ყოველთვის იპოვით“, – განაცხადა იოსელიანმა.
ამასთან, იოსელიანის განცხადებით, კანონპროექტში 40-პროცენტიანი დათქმა ოპოზიციის მოთხოვნით შევიდა.
„40-პროცენტიანი დათქმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მოითხოვა და ჩემდა სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიერ იყო გაზიარებული. ჩვენ ამ დათქმის მოწინააღმდეგე ვიყავით. ოპოზიციის შიგნით მნიშვნელოვანი ნაწილი თვლიდა, რომ ჯობდა 40-პროცენტიანი დათქმა ყოფილიყო, რათა მეორე ტურისთვის მოხდეს ხმების კონსოლიდირება, რასაც მე არ ვეთანხმები. თუმცა დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ახლა ასეთი დეტალების გამო, რომ უარი ვთქვა მხარდაჭერაზე, უბრალოდ არასერიოზული იქნება“, – განაცხადა იოსელიანმა.