ლევან იოსელიანი - მინდა, დღეს მამუკა ხაზარაძეს მივმართო და თანამშრომლობის ხელი გავუწოდო
ჩემი თხოვნაა, დავასრულოთ ის პერიპეტიები, რაც ოპოზიციის შიგნით ერთმანეთთან გვქონდა, დავასრულოთ ოპოზიციის ზიზღზე აგებული პოლიტიკა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს პირადადაც მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მათი პარლამენტში თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
„მივესალმები ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც დღეს შემოვიდნენ პარლამენტში. ვულოცავ მათ ამ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად სწორი და ამ ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება, საითაც ძალიან დიდ ხანს მივდიოდით ჯერ ერთად, მერე ცალ-ცალკე, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივედით იმ შედეგამდე, რომ დღეს პარლამენტი ასე თუ ისე შედგა და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით პოლიტიკური ჯგუფების, არის წარმოდგენილი. ძალიან რთული დრო გამოვიარეთ ყველა ჩვენგანმა, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით ჯერ ჩვენ, მერე ალბათ ისინი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის აქ მუშაობა არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩემი თხოვნაც, აზრიც არის ის, რომ დავასრულოთ ის პერიპეტიები, რაც ჩვენ განსაკუთრებით ოპოზიციის შიგნით გვქონდა ერთმანეთთან, დავასრულოთ ოპოზიციის ზიზღზე აგებული პოლიტიკა, რადგან ბევრი მაგალითი მივეცით ჩვენს მოქალაქეებს, როგორ შეიძლება გვძულდეს ერთმანეთი, მაგრამ ძალიან ცოტა მაგალითი მივეცით, როგორ შეიძლება პატივს ვცემდით ერთმანეთის აზრს.
ბოლოს როდესაც ჩვენ „ლელოს“ ოფისში ვიყავით და ჩვენი გზები გაიყარა, რაღაცნაირად ოპოზიციიდან ჩვენი გარიცხვა მოხდა, ასე ითქვა მაშინ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დარბაზში ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს და აქ, მარცხენა ფლიგელზე მოგვიწევდა ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილებების ერთად მიღება. სწორედ ამიტომ, მინდა დღეს მამუკა ხაზარაძეს მივმართო, გავუწოდო თანამშრომლობის ხელი და გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ოპოზიციაში გაგრძელდება ბევრად უფრო წარმატებულად და რაც ყველაზე მთავარია, იქნება ამ ქვეყნისთვის საკეთილდღეო“, – განაცხადა იოსელიანმა.