ლევან იოსელიანი - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებთ
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა და გათავისუფლება. მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ ჰქონდეს ვინმეს არც ამ ქვეყანაში, არც მის ფარგლებს გარეთ.
რაც შეეხება გათავისუფლებას, ამაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ პოლიტიკოსებს. გათავისუფლება სააკაშვილის პარტიის მიზანია, სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებთ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, არ ნიშნავს იმას, რომ „კარი გაიღება და სააკაშვილი გარეთ გამოვა“.
„სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს მისი შეწყალება არ ნიშნავს მის თავისუფლებას. ის, რომ მას შეიწყალებს, არ ნიშნავს, რომ კარი გაიღება და გარეთ გამოვა. იცით, რომ მიმდინარე სამი საქმეა კიდევ, რომლის ფარგლებში მარტივია პატიმრობის გახანგრძლივება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
იოსელიანის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განსხვავებული აზრებია და ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება არ აქვთ.
„პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეებში არ ვერკვევი. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ პარტიაში განსხვავებული აზრებია, არ აქვთ ნორმალური დამოკიდებულება ერთმანეთთან. ეს ყველაფერი ჩანს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.