ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების შემდეგ უნდა განიხილონ
პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმირების საკითხი მას შემდეგ უნდა განიხილონ, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება დასრულდება.
იოსელიანის შეფასებით, საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილი არ არის.
„განსახილველ საკითხებს შორის, რომელიც ამ წუთში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის არსებობს, ერთია სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმირების საკითხი. ამიტომ, მე არ მგონია, ცვლილებების ასეთი დაჩქარებული წესით მიღება სწორი იყოს, ვინაიდან თუ რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოს რეფორმირებაზე და ფუნდამენტურ რეფორმირებაზე, ეს უნდა იყოს მთელი პაკეტი, რომელიც რეალურად მართლა გააჩენს ამ ქვეყანაში განცდას, რომ სასამართლოში იწყება ცვლილებები და სასამართლოს დაუბრუნებს ნდობას. ამიტომ ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, დაველოდოთ მოლაპარაკებების დასრულებას და იმ კონტექსტში მოხდეს ამ ყველაფრის შემდეგ განხილვა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.