ლევან იოსელიანი - ოპოზიციასთან მოლაპარაკებების რესურსი არსებობს და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს
ლევან იოსელიანი - ოპოზიციასთან მოლაპარაკებების რესურსი არსებობს და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს

მგონია, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების რესურსი არსებობს და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ვუსმენ და ყველა მათგანი ამბობს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს. არავის უთქვამს, მოლაპარაკებებზე უარს ვამბობთო. მგონია, მათთან მოლაპარაკების რესურსი არსებობს, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ის 20 დეპუტატი ვინც არის, ვისაც შემოსვლა უნდა, ეს კობახიძეს უნდა ჰკითხოთ. „გირჩს“ გამოკვეთილი პოზიცია აქვს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს. მგონია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, სხდომათა დარბაზში მე, ალეკო და კიდევ ოთხი ადამიანი კი არ ვისხდეთ, არამედ მთელი ოპოზიცია, 60 კაცი, ვინც შეძლებს, ამ ქვეყანაში რეალური ცვლილებები დაიწყოს“, – აღნიშნა იოსელიანმა.

მისივე თქმით, მისასალმებელი იქნება, თუ ოპოზიცია მეხუთე რაუნდიდან უკეთესს პირობებს წამოიღებს, ვიდრე უკვე გაფორმებულ მემორანდუმშია.

„ჩვენ პარლამენტში შემოვედით და პროცესი თუ ფასილიტატორებთან დარჩება, ამ პროცესში უნდა იყვნენ მმართველი პარტია და ოპოზიცია. ჩვენ მეხუთე რაუნდში მონაწილეობა რატომ უნდა მივიღოთ? თუ ოპოზიცია მეხუთე რაუნდიდან უკეთესს პირობებს წამოიღებს და კიდევ უფრო კარგ სტანდარტს ჩადებს, მივესალმებით. არ იფიქროს, რომ ჩვენ რაღაც ექსკლუზივი გვაქვს ამ დოკუმენტზე, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მათთან ერთად შეიქმნა, ბოლომდე დავიცავით და „ქართულ ოცნებას“ პირობა ავაღებინეთ, რომ შეასრულებს. ფეხდაფეხ მივყვებით, რომ ინიცირებული იყოს და კანონის სახე მიეცეს. ამ ყველაფერს თუ ოპოზიცია რამეს დაამატებს, მხოლოდ კარგი იქნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.