ლევან იოსელიანი - მანდატებს ჩავხსნით მაშინ, როდესაც მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოიწურება
ჩვენ ვიმყოფებით ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ არ გვინდა დავაზიანოთ მოლაპარაკების პროცესი. მანდატებს ჩავხსნით მაშინ, როცა მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოიწურება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ვიდრე მოლაპარაკების რესურსი არსებობს, მანდატებზე უარის თქმა პროცესს აზიანებს“.
„რაც მთავარია, თუ მოლაპარაკების პროცესი დასრულდება დადებითად, ამ პარტიებს, რომლებიც მანდატებზე ამბობენ უარს, მოუწევთ, მიმართონ ირაკლი კობახიძეს ამ მანდატების უკან დასაბრუნებლად. ამ უხერხულობას ჩვენ თავს არ შევუქმნით და სხვებსაც ვურჩევთ ამას ნუ გააკეთებენ“, – განაცხადა იოსელიანმა.
რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს, იოსელიანის თქმით, „ახლა მიმდინარეობს ინდივიდუალური მოლაპარაკებები და მეხუთე რაუნდი აუცილებლად შედგება“.
„მოლაპარაკებას აუცილებლად აქვს აზრი და ის პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ მანდატებზე, ამბობენ, რომ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები დასრულდება წარმატებით. ტაქტიკა განსხვავებულია ჩვენსა და მათ შორის, თუმცა საერთო მიზანში ერთად ვართ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.