ლევან იოსელიანი - კორონავირუსი პარტიული ნიშნით არავის არჩევს, მნიშვნელოვანია, სპეციალისტებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად აუცილებელია არჩევნების გადადება
დისკუსია აუცილებელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება სპეციალისტებმა მიიღონ, რამდენად აუცილებელია არჩევნების გადადება, თუ შესაძლებელია ჩატარება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსი თანაბრად ხვდება ყველას და პარტიული ნიშნით არავის არჩევს.
„დისკუსია ყველა საკითხზე უნდა იყოს, მით უმეტეს ისეთ საკითხზე, რაც ჯანმრთელობას და კოვიდს ეხება. ამიტომ დისკუსია აუცილებელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება სპეციალისტებმა მიიღონ, რამდენად აუცილებელია არჩევნების გადადება, თუ შესაძლებელია ჩატარება, რადგან კოვიდინფექცია პარტიული ნიშნით არ არჩევს არავის, ის თანაბრად ხვდება ყველას მიუხედავად იმისა, ვისი მომხრეა, ამიტომ, აუცილებელია ამ საქმის სპეციალისტებმა გასცენ რეკომენდაცია. კოვიდი ემართება ყველას, „ქართული ოცნების“ მომხრესაც, „ნაციონალური მოძრაობისაც“ და ჩვენს მომხრესაც, ადამიანებს თანაბრად ეშინიათ ან ვერ მივლენ არჩევნებზე ან მივლენ, ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სპეციალისტებმა და შეაფასონ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. თუ რეკომენდაცია იქნება, რომ ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიშია არჩევნების ჩატარება, რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა გადაიდოს. თუ დავინახავთ, რომ ამ პირობებში შესაძლებელია ჩატარება, უნდა ჩატარდეს“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.
ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.