ლევან იოსელიანი - კონსილიუმის წევრები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სხვა გარემოში, მათ შორის, ქვეყნის გარეთ მკურნალობა შეიძლება იყოს სიტუაციიდან გამოსავალი
მე ვერ შევალ კონსილიუმის კომპეტენციაში და ვერ ვისაუბრებ დასკვნის შინაარსის მართებულობაზე ან უმართებულობაზე, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, აქვს თუ არა ვალდებულება კონსილიუმს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაში მიუთითოს ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზები, რათა დადგინდეს ამაზე პასუხისმგებლობის საკითხი.
„ერთი რამ ცხადია, რომ, დასკვნის მიხედვით, ამ ადამიანის მდგომარეობა არის გაუარესებული. მას აქვს დაკლებული წონა და თუ წონის კლება გაგრძელდა, შეიძლება, დადგეს ძალიან ცუდი შედეგი. რა არის წონის დაკლების მიზეზი, ჭამა, არჭამა, თუ როგორ არის, ეს მედიცინის სფეროა და მათ უნდა გასცენ პასუხი ამ კითხვებზე. ჩვენ, ჩვენს ინსტიტუციას რაც შეგვიძლია, ყველანაირად ვეხმარებით ექიმებს, რომ მათ თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. ასევე, ვეხმარებით „ვივამედის“ კლინიკასაც, თუ რამე სჭირდებათ ჩვენგან, ყოველთვის მზად ვართ, მივაწოდოთ. სააკაშვილს როცა შევხვდი, მას ჩემთვის არ უთქვამს, რომ ექიმების მხრიდან ის განიცდის არასათანადო მოპყრობას. ამის იქით რა არის მისი მდგომარეობის ამდაგვარი გაუარესების მიზეზი, არის სამედიცინო ნაწილი, რომელზეც ალბათ კონსილიუმის წევრები უნდა მოიწვიოთ და მათ ჰკითხოთ“, – განაცხადა იოსელიანმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის მისი, როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ, რათა თავიდან იყოს არიდებული ის შედეგი, რაზეც კონსილიუმი საუბრობს, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით კონსილიუმს თვითონვე უწერია რეკომენდაციები.
„ამავე დასკვნაშია რეკომენდაცია მოცემული. ისინი ფიქრობენ, რომ მისი სხვა გარემოში, მათ შორის, ქვეყნის გარეთ მკურნალობა შეიძლება იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი“, – განაცხადა იოსელიანმა.
როგორც ლევან იოსელიანმა ასევე აღნიშნა, პირადად, სახალხო დამცველობამდეც ფიქრობდა, რომ სააკაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი ფორმის, პატიმრობის გამოყენება, შეიძლება, არ იყოს გამართლებული.
„ჩვენ ვიცით, ზოგადად ევროპული პრაქტიკა როგორია ყოფილი პრეზიდენტების მიმართ, როდესაც მიდის სასამართლო პროცესები, მაგრამ ისინი შინაპატიმრობით ან სამაჯურით ელოდებიან საბოლოო განაჩენს“,- განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, ზოგადად, ის მომხრეა სისხლის სამართლის თვალსაზრისით უფრო ლიბერალური პოლიტიკის, რადგან დანაშაულები, რომლებიც ძალადობრივი ხასიათის არ არის, არ იმსახურებს, რომ ამის გამო ადამიანები მაინცდამაინც პატიმრობაში იმყოფებოდნენ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთი სასჯელი აქვს ისეთი, რომელიც არაძალადობრივია, რაზეც ლევან იოსელიანმა უპასუხა, რომ მან ზოგადად ისაუბრა პოლიტიკაზე და სააკაშვილის მიმართ, როგორც ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით, როგორი პრაქტიკა არსებობს ევროპულ ქვეყნებში.