ლევან იოსელიანი - ხალხის ფულს ხელს არ მოვკიდებთ, რადგან ბოიკოტის რეჟიმში ვართ, თუ პარლამენტში არ შედიხარ, დაფინანსების აღება სწორად არ მიგვაჩნია
ხალხის ფულს ხელს არ მოვკიდებთ, რადგან ბოიკოტის რეჟიმში ვართ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, არ არის მართებული, პოლიტიკურმა სუბიექტმა საპარლამენტო საქმიანობისთვის განკუთვნილი ფული აიღოს, თუკი პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
„გამორიცხულია, ჩვენ რაიმე თანხმობის წერილი შევიტანოთ. ჩვენ გუშინვე დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ამ თანხას არ ავიღებთ, ხალხის ფულს არ მოვკიდებთ ხელს, რადგან ბოიკოტის რეჟიმში ვართ. სწორად არ მიგვაჩნია, რომ დაფინანსება აიღო, თუ პარლამენტში არ შედიხარ. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არ გადაიხედება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს საბიუჯეტო დაფინანსების მიღება არჩევნების შედეგების აღიარებას, იოსელიანმა უპასუხა, რომ ირიბად შეიძლება ასეც დაერქვას ამ ფაქტს.
თუმცა მან ასევე დასძინა, რომ ეს ფაქტი ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირების საფუძველი არ გახდება.
„ეს პროცესი ვერ გახდება ჩვენი და მათი დაპირისპირების საფუძველი მთლიანობაში აი, ამ ბოიკოტთან მიმართებაში. ეს საკითხი ვერ გაგვყოფს მოკლედ. ბოიკოტი გაგრძელდება, მაგრამ ის, რომ მათ მიმართეს დაფინანსებაზე, ეს არის მათი გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით. ვიღაცისთვის ეს შეიძლება ლეგიტიმაციის ფორმა იყოს, ვიღაცისთვის არ იყოს. მე ვთვლი, რომ ირიბად შეიძლება ასეც დაერქვას ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო, რომ პარტიების ნაწილი აპირებდა ამ მიმართვის გაკეთებას და თანხის აღებას. მათთვისაც ცნობილი იყო, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებდით და ეს არ ყოფილა სიურპრიზი. ეს აჩენს ჩვენ შორის სხვაობას, მათ შორის ბევრ საკითხში და კარგია, რომ ეს სხვაობა დაინახეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რადგან „ქართული ოცნების“ ნარატივი არის: თქვენ ყველანი „ნაცები“ ხართ. ეს სიტუაცია აჩვენებს ჩვენ შორის განსხვავებას, მაგრამ ეს ვერ გახდება ჩვენი წინააღმდეგობის და ერთმანეთთან პოლემიკის საგანი იმ დიდ საკითხთან მიმართებაში, რასაც ჰქვია არჩევნების შედეგების გაყალბება, რასაც ჰქვია ბოიკოტი“, – განაცხადა იოსელიანმა.
ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების ნაწილის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ დაფინანსების არ აღების შემთხვევაში, ისინი ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებენ.
„კამპანია დავასრულეთ ვალებით. პარტიას ინკასო გვადევს ანგარიშზე და მიუხედავად ძალიან რთული ფინანსური მდგომარეობისა, ჩვენ ამ ფულის აღებას არ ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არ გვაქვს უფლება ფული, რომელიც ეკუთვნის ხალხს და რომელიც გათვალისწინებულია შენი საპარლამენტო საქმიანობისთვის, აიღო იმ პირობებში, როცა აცხადებ ბოიკოტს. ვინ გაკოტრდება და ვის რა პრობლემები ექნება, ეს მე არ ვიცი და სიმართლე გითხრათ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან როცა პოლიტიკაში ხარ, მზად უნდა იყო გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც ფინანსურად დაგაზიანებს, თუმცა მორალურად და სახელმწიფოებრივად სწორი და გამართული იქნება“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.