ლევან იოსელიანი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღება თუ მოხდება, ევროკავშირში გაწევრიანებას იმდენი ხნით დაედება ვეტო, რომ ქვეყანა მის დაძლევას ათწლეულები ვეღარ შეძლებს
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება საშიშია სამოქალაქო სექტორისა და, კონკრეტულად, ფიზიკური პირების, რომლებიც სამოქალაქო სექტორში არიან დასაქმებულნი, სტიგმატიზაციის გამო. მათთვის ჯაშუშის იარლიყის მიწებება მარტივი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანი მიესალმება პრეზიდენტის განცხადებას ვეტოსთან დაკავშირებით.
„ამ კანონპროექტის მიღებას თავისი დამანგრეველი პოლიტიკური ნაწილი აქვს, რაც გულისხმობს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის წინ ბარიერად აღმართვას. პრეზიდენტის განცხადებას მივესალმები, რომ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. თუ კანონპროექტის მიღება მოხდება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას იმდენად დიდი ხნით დაედება ვეტო, რომ ქვეყანა მის დაძლევას ათწლეულების განმავლობაში ვეღარ შეძლებს“, – განაცხადა იოსელიანმა.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის წინააღმდეგია და მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.