ლევან იოსელიანი - კარგი იქნებოდა, რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები ყოფილიყო, თუმცა მთლიანობაში უკრაინის მხარდამჭერი ტექსტია, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა ექნება
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, გაუგებარია, რატომ არ არის ნახსენები რუსეთი „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაში, თუმცა ტექსტი მთლიანობაში გამოხატავს უკრაინის მხარდაჭერას.
იოსელიანის განმარტებით, აქედან გამომდინარე, აღნიშნულ რეზოლუციას პარტია „მოქალაქეები“ მხარს დაუჭერს.
„რუსეთის არ ხსენება ჩემთვის გაუგებარია, ვინაიდან ყველა წინა რეზოლუციაში ნახსენები იყო. ახლა რას ემსახურება ეს გაჯიუტება, არ ვიცი, მაშინ, როდესაც რეზოლუციის მთლიანი ტექსტი რუსეთს ეძღვნება. სხვა რამეზე საუბარი არ არის. არ ვიცი, დისკუსია ამ ფორმაში რატომ შევიდა. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციას მრავალპარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს. მთლიანობაში უკრაინის მხარდამჭერი ტექსტია, ამიტომ ამ ტექსტს ჩემი და ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა ექნება.
კარგი იქნებოდა, რუსეთი ყოფილიყო ნახსენები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნახსენები არ არის, მთლიანობაში, ტექსტი მიძღვნილია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებისადმი. რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმად იქნება გადათარგმნილი. არ მინდა, ვიყო იმ დეპუტატებს შორის, ვინც უკრაინას ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მხარს არ უჭერს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.