ლევან იოსელიანი - ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან სამთავრობო პროგრამაზე საუბარი ვერ მოვისმინე, იყო აგრესიული რიტორიკა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა ეხებოდა არა სამთავრობო პროგრამას, არამედ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ აგრესიულ რიტორიკას.
იოსელიანის თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
„მე ვერ მოვისმინე პროგრამაზე საუბარი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლისას, ძირითადად მოვისმინე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ გამოხატული ზიზღი და კიდევ ვიღაცების დაჭერის დაანონსება, პროგრამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. მაინტერესებს, რა პროგრამით არის მოსული, პროგრამა, რომელიც დევს მთავრობის საიტზე, პრაქტიკულად ცარიელია. მისი გამოსვლა იყო აგრესიული რიტორიკა ერთი კონკრეტული ჯგუფის მიმართ, სხვა არაფერი გამიგია.
მარტო ეს მიზეზი არაა, რატომაც არ დავუჭერ მხარს, მთავარი მიზეზი ისაა, რომ „ქართული ოცნების“ 9 წლის თავზე, ქვეყანა არის ბევრად ღარიბი, ვიდრე იყო მაშინ. ჩვენი მოქალაქეები არიან დაუცველები. სამწუხაროა, „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე დღის წესრიგში დგას ვიღაცების დაჭერა და ერთი რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის რადარებიდან გაქრობა, თუ შევიწროვება, ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება. გამოდის, რომ ერთ ადგილზე ვტრიალებთ და არაფერი შეცვლილა. 2012 წელს რა გზავნილებიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, იგივეს იმეორებს 2021 წელს, წარმოუდგენელი რაღაცაა. მე მაინტერესებდა, მისგან მომესმინა, როგორ უყურებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, რა გეგმა აქვს პანდემიასთან, სიღარიბესთან დაკავშირებით, ეს არის, რაც აწუხებს ხალხს და არა ის, რაც ილაპარაკა“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.