ლევან იოსელიანი - „გირჩთან“ ერთად გვაქვს ინიციატივა, თვითმმართველობის არჩევნები განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად, ვაპირებთ, ამ ინიციატივით შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს და სხვა პარტიებსაც
ლევან იოსელიანი - „გირჩთან“ ერთად გვაქვს ინიციატივა, თვითმმართველობის არჩევნები განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად, ვაპირებთ, ამ ინიციატივით შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს და სხვა პარტიებსაც

პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია შესული და მეხუთე რაუნდი გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან მხარეები პოზიციების დაახლოებას ვერ ახერხებენ.

ლევან იოსელიანის თქმით, ახლა „მოქალაქეებს“ „გირჩთან“ ერთად აქვს ინიციატივა, რომ თვითმმართველობის არჩევნები განიხილონ ერთგვარ პლებისციტად და თუ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დამარცხდება, აიღოს ვალდებულება ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე.

„ყველასთვის ნათელია, რომ პოლიტიკური კრიზისი შევიდა ჩიხში და მოლაპარაკებებიც პრაქტიკულად ჩიხშია შესული.მეხუთე რაუნდი გაურკვეველი ვადით არის გადადებული, რადგან მხარეები ვერ ახერხებენ, დაახლონ პოზიციები.

ახლა ჩვენ „გირჩთან“ ერთად გვაქვს ინიციატივა, რაც გულისხმობს შემდეგს, თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება არჩევნებზე, მან აიღოს ვალდებულება, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩემი აზრით, ეს არის კარგი ინიციატივა, რომელზეც საუბარი ღირს ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. ამ ინიციატივით ვაპირებთ, რომ შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს და სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, არ იცის, გაითვალისწინებს თუ არა გიორგი ვაშაძე აღნიშნულ ინიციატივას, თუმცა იმედი აქვს,  რომ ის რაციონალურად უყურებს მოვლენებს.

„არ ვიცი, დიდი ხანია, გიორგი არ მინახავს და არ მისაუბრია, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ის რაციონალურად უყურებს ამ მოვლენებს, ის მომხრეა შეთანხმების და ამას ყოველთვის აცხადებს, იმედი მაქვს, ჩვენი წინადადების მიმართაც არ ექნება უარყოფითი დამოკიდებულება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ მანდატიან წევრებთან შეხვედრას, ლევან იოსელიანის თქმით, თუ სურვილი ექნებათ, მათაც შეხვდებიან.

„პარტიასთან იქნება შეხვედრა, თუ მანდატიან წევრებთან, მათი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ სიამოვნებით შევხვდებით, არავისთან ლაპარაკზე უარს არ ვიტყვით და შევეცდებით, დავარწმუნოთ ამ წინადადების სისწორეში“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, კონკრეტული ინიციატივის განხილვას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გეგმავენ.

„დიდი ხანია, ოპოზიციურ ფორმატში არ ყოფილა შეხვედრა და არსებობს კონკრეტული ინიციატივა, რომელსაც სჭირდება განხილვა, განხილვა კი დავიწყეთ პარტიასთნ, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა ინიციატივის სათავეებთან, ვაპირებთ, ყველა პარტიასთან განხილვას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა და დასძინა, რომ მეხუთე რაუნდი შედგება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ისეთი შეთავაზება, რომელზეც შეიძლება, მხარეებმა მოილაპარაკონ.

„შეხვედრა შეხვედრისთვის შედეგის მომტანი არ არის და ამას ვხედავთ. შეხვედრას უნდა მოყვეს კონკრეტული შედეგი. ჩვენ გვინდა, რომ ეს შედეგი გამოიხატოს შეთანხმებაში და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.