გიგი უგულავას იდეები ნაკლებად მაინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მას ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს გიგი უგულავას ინიციატივაზე, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.
ლევან იოსელიანის თქმით, საკუთარ მოსაზრებას მაშინ დააფიქსირებს, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ოპოზიციის შიგნით, პარტიებს შორის დღეს საკმარისი ნდობა არ არის.
„უგულავას იდეები ნაკლებად მაინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ოფიციალურად გამოვა ამ პოზიციით, მერე მოგახსენებთ ჩემს პოზიციას. კერძო ხალხის გამონათქვამებზე, ყველაფერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ოპოზიცია არის ძალიან განსხვავებული, ოპოზიცია არია ძალიან ჭრელი და დღემდე აჩვენა, რომ ოპოზიციის შიგნით შეთანხმება არის ხშირ შემთხვევაში რთული. ჩემი აზრით, ეს სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭირს განსხვავებული აზრის, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ოპოზიციონერებთან ურთიერთობა. მათ დღეს ეს ურთიერთობა სამწუხაროდ ვერ ისწავლეს და ვერ ჩამოაყალიბეს. ჩვენ ძალიან ცუდი გამოცდილება დაგვიგროვდა მათთან ურთიერთობის. ეს როგორ უნდა შეიცვალოს, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რადგან ის ნდობა, რომელიც უნდა ყოფილიყო ოპოზიციის შიგნით პარტიებს შორის, ჩემი აზრით, დღეს საკმარისი არ არის“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.