ლევან იოსელიანი - გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ლიდერის ინტერესებისთვის ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ ზოგადად შიმშილობას ვეწინააღმდეგები
პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ შიმშილობას, როგორც პროტესტის ამ ფორმას არ იზიარებს, რადგან ის საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
მისივე თქმით, სხვა მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებაა, როგორც სურთ, ისე იბრძოლონ საკუთარი პარტიისა და ლიდერის ინტერესებისთვის.
„გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ლიდერის ინტერესებისთვის ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ შიმშილობის, როგორც ასეთი ექსტრემალური ფორმის, ნებისმიერ შემთხვევაში, პროტესტის, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და აზიანებს მას. არანაირი პოლიტიკა არ ღირს იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ მე არ ვიზიარებ შიმშილობას, როგორც პროტესტის ფორმას, თორემ, სხვა მხრივ, მათი უფლებაა, როგორც უნდათ, ისე უნდა იბრძოლონ საკუთარი პარტიისა და ლიდერის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და აბდულა ისმაილოვი შიმშილობას იწყებენ. დავით კირკიტაძის განმარტებით, ისინი „შიმშილობას აცხადებენ მიხეილ სააკაშვილის იმ ქვეყანაში გადაყვანამდე, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი“.