ლევან იოსელიანი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდა და 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
როგორც ლევან იოსელიანმა ზარდიაანთკარში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილობრივი მოსახლეობა რეაბილიტაციის პროცესში შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს.
ამასთან, ლევან იოსელიანის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების პრობლემებს თავის ანგარიშში მნიშვნელოვან ნაწილს დაუთმობს.
„ჩამოვედი, რათა თავად გავეცნო რეაბილიტაციის პროცესს და მოვისმინო წუხილი იმ ადამიანებისა, რომლებიც ხშირად საუბრობენ რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია შერჩევითად ხდება და პრიორიტეტშია იმ ადამიანების სახლები, რომლებიც აქ მუდმივად არ ცხოვრობდნენ და ნაკლებად იყვნენ ამ სოფელთან დაკავშირებული. პრიორიტეტულ სიაში, პირველ რიგში, ჩასმული უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, მათი სახლები უნდა რეაბილიტირდეს სრულად. თანხები თუ არ არის საკმარისი, უნდა გამოიყოს. არ უნდა იყოს სალაპარაკო, რომ ზედა სართული გამიკეთეს და ქვედა – არა. ამ ადამიანებს ასეთი პრობლემები არ უნდა აწუხებდეთ. ჩვენი მანდატის ფარგლებში ამ პრობლემებს ვსწავლობთ. დამატებით დავინტერესდებით, რა პრინციპით ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაოების შესრულება. მინდა, ზოგადად, ჩემს ანგარიშში მნიშვნელოვანი ნაწილი დავუთმო საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების სოციალურ მდგომარეობას, მათ ყოფას. ამიტომ საჭიროა, სახალხო დამცველი ადგილზეც ჩავიდეს და ნახოს. ამ სოფლის გარდა, კიდევ ბევრ სოფელში ჩავალთ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
როგორც ცნობილია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში 28 საცხოვრებელ სახლს უტარდება რეაბილიტაცია და ამისთვის მილიონ რვაასი ათასი ლარია გამოყოფილი.
სახალხო დამცველს შეხვედრები ასევე დაგეგმილი აქვს ერგნეთის, ჭვრინისისა და ყარაფილაშის მოსახლეობასთან.