ლევან იოსელიანი - გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ქვეყანაში მაჟორიტარული სისტემა არ მუშაობს
ლევან იოსელიანი - გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ქვეყანაში მაჟორიტარული სისტემა არ მუშაობს

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ქვეყანაში მაჟორიტარული სისტემა არ მუშაობს, – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„შესაძლოა, აშშ-ში მუშაობს მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ ჩვენთან არ იმუშავა. 30 წლის განმავლობაში მაჟორიტარები აღმოჩდნენ თავიანთი ფულისთვის და ძალაუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ენზელ მკოიანს რისი სჯეროდა, ედუარდ შევარდნაძის პარტიის ღირებულებების, „ნაციონალების“ თუ „ქართული ოცნების“?! მას მხოლოდ ფულის და თავისი გავლენის სჯეროდა, რაც აქვს. ასე იყვნენ სხვებიც და სამწუხაროდ, ეს ასე იქნება მანამ, სანამ ეს სისტემა დარჩება. ასე რომ, უნდა მივხვდეთ, რომ ეს სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარებულა და ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რათა ვნახოთ, როგორ იმუშავებს.

„ყოველ შემთხვევაში, ამაზე უარესი ხომ არ იქნება?! არ იქნება პროპორციული სისტემა ის, რაც ჩვენს ქვეყანას გამოადგება და მის შეცვლაზეც უნდა დავიწყოთ მსჯელობა. შეიძლება, ამაზე უკეთესი იყოს რეგიონულ-პროპორციული სისტემა. ესეც არ იქნება უკეთესი და კიდევ სხვაზე უნდა ვიმსჯელოთ. ასე განვითარდა ყველა დემოკრატიული ქვეყანა და ასე მივიდნენ იმ სისტემამდე, რომელიც მათ რეალობას მოერგო“, – განაცხადა იოსელიანმა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება, რაც ყველაზე მძიმე შეცდომაა.

„ეს არის ალბათ, ყველაზე მძიმე შეცდომა, რაც პოლიტიკურ პარტიას შეეძლო, დაეშვა. მათ ეს შეცდომა დაუშვეს და საბოლოო ჯამში, აქედან დაიწყო მათი პოლიტიკური სცენიდან გასტუმრების ათვლის წერტილი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.