ლევან იოსელიანი - ევროპის საბჭოს რეზოლუციას მხარი დავუჭირე, თუმცა არ დავუჭირე მის მეოთხე შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა მოხსენიებული
რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხარი დავუჭირე, თუმცა არ დავუჭირე მის მეოთხე შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა მოხსენიებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს.
იოსელიანი გამოეხმაურა პარტია „დროას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ლევან იოსელიანი ასამბლეაზე რეზოლუციასთან დაკავშირებით კენჭისყრას არ დასწრებია და შესაბამისად, მხარი არ დაუჭირა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას.
როგორც იოსელიანმა განმარტა, კენჭისყრის დღეს მისი ხმა, ტექნიკურად არ დაფიქსირდა, რის გამოც მეორე დღეს სესიაზე განაცხადა, რომ ჩაესწორებინათ და დაეფიქსირებინათ. დეპუტატის თქმით, მსგავსი ფორმით ხმის მიცემა ასამბლეაში მიღებული და ხშირი პრაქტიკაა.
„გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას, ბევრი ხმაური მოყვა. ამ რეზოლუციას, ცხადია, მე მხარი დავუჭირე, თუმცა არ დავუჭირე მის მეოთხე შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა მოხსენიებული.
რახან ერთიანი ხმის მიცემის შედეგებში ჩემი ხმა არ ჩანს, ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ რეზოლუციის ტექსტს მხარი არ დავუჭირე. რა თქმა, უნდა ამ ხმის მიცემის ჩამონათვალში, ჩემი ხმა არ გამოჩნდებოდა, რადგან თუ გინდა რომ რეზოლუციას, რომელიმე შესწორების გარეშე დაუჭირო მხარი, ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უნდა განაცხადო ზეპირსიტყვიერად და შემდეგ რეზოლუციის შედეგებს ჩანაწერის სახით აეკრობა შენი მხარდაჭერა. როგორც სქრინში ჩანს. ამგვარად, თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, მეგობრებო ასამბლეის ვებგვერდზე, 14 ოქტომბრის ზეპირსიტყვიერ ჩანაწერებში იპოვით ჩემს მხარდაჭერას.
კენჭისყრის დღეს ჩემი ხმა, ტექნიკურად არ დაფიქსირდა, რის გამოც მეორე დღეს სესიაზე განვაცხადე, რომ ჩაესწორებინათ და დაეფიქსირებინათ, ესეც ოფიციალურ ხმის მიცემად ითვლება. მსგავსი ფორმით ხმის მიცემა ასამბლეაში მიღებული და ხშირი პრაქტიკაა.
ამიტომ რეზოლუციას ჩანაწერის სახით ახლავს ლევან იოსელიანის მხარდაჭერაც, რაც PACE-ს ოფიციალურ გვერდზე ჩანაწერებში ჩანს კიდევაც“, – აღნიშნულია იოსელიანის განცხადებაში.