ლევან იოსელიანი - ევროკავშირისადმი მიმართვას ხელი მოაწერა ყველა ოპოზიციური პარტიის წევრმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვინც იზიარებს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი
რთულია ხოლმე მმართველ პარტიასთან რაღაც შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ოპოზიციის შიგნითაც ძალიან რთულია ხოლმე საერთო შეთანხმებამდე მისვლა. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ამ საკითხზე საერთო დოკუმენტზე ხელმოწერა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ლევან იოსელიანი ოპოზიციონერ კოლეგებს მადლობას უხდის.
ლევან იოსელიანის განცხადებით, ყველამ უნდა განასხვაოს შიდა პოლიტიკური ინტერესები და ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიზანი.
„მიმართვას ევროკავშირის ხელმძღვანელების მიმართ ხელი მოაწერა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მათმა წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ვინც იზიარებს სულისკვეთებას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ამისთვის აუცილებელია, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვერ ვნახე ვერცერთი ადამიანი პარლამენტში, ვინც ამას არ იზიარებს. ამიტომ, ამ დოკუმენტზე პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური სუბიექტის ხელმოწერაა. აქ მთავარი რამაა ნათქვამი, თხოვნა, რომ განიხილონ საქართველოს საკითხი და საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვინდა, რომ ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ იმ ბრალდებებს და მითქმა-მოთქმას, რაც არსებობს ოპოზიციის მიმართ, რომ არიან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, ვისაც არ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად ამას არავინ აცხადებს და ყველამ საპირისპირო დოკუმენტს მოაწერა ხელი. თუ ვიღაც ამას კულუარულად აკეთებს, თუ ვიღაც ამ საქმითაა დაკავებული, მაშინ მე ამ ბრალდების ავტორებს ვთხოვ, რომ გამოაჩინონ შესაბამისი მტკიცებულებები და დაასახელონ მათი სახელები და გვარები. ასეთი ხალხი არ იმსახურებს არანაირ კეთილგანწყობას მათ შორის არც ოპოზიციის შიგნით. ჩვენ უნდა განვასხვავოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური ინტერესები და ამ ქვეყნისთვის დიდი, მნიშვნელოვანი მიზანი, ათწლეულების მანძილზე სისხლის ფასად მიღწეული მიზანი და შედეგი. ეს შედეგი არის, რომ ვდგავართ კანდიდატობის მიღების კართან. ვინც ამას ხელს უშლის მიმაჩნია, რომ ის არის ამ ქვეყნის მომავლის და ამ ქვეყნის ინტერესების მტერი“, – განაცხადა იოსელიანმა.