ლევან იოსელიანი - ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ რაღაცას თუ ვაპროტესტებთ, ეს უნდა მოხდეს იმ ჩარჩოში, რასაც საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს
ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ რაღაცას თუ ვაპროტესტებთ, ეს უნდა მოვახდინოთ იმ კანონმდებლობის ჩარჩოში, რასაც საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ყოველთვის მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.
„აქციების პერიოდში, ერთი მხრივ, ჩვენ ვაფასებთ პოლიციის მოქმედებებს, მეორე მხრივ, ყოველთვის მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების ფარგლებს. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩიტაძის ქუჩაზე რაც ვიხილეთ, როცა ჭიშკართან ხდებოდა შეხლა-შემოხლა, ჯაჯგური პოლიციასთან, საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია სავალალო შედეგი, რადგან ის ადამიანები პასუხისგებაში არიან მიცემული. აქციების ორგანიზატორები ვინც არიან, მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ასეთი ტიპის მოწოდებები, რომლებიც მიმართული იქნება რაღაცის ბლოკირების, ჩახშობისკენ, არ იყოს გამოყენებული, რადგან ამას შემდეგ ასეთი შედეგები მოჰყვება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ რაღაცას თუ ვაპროტესტებთ, ეს უნდა მოვახდინოთ კანონმდებლობის ჩარჩოში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.