ლევან იოსელიანი - „ენდიაის“ კვლევის შედეგებში იკითხება, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს, გაგრძელდეს მოლაპარაკებები, ისინი პოლიტიკურ პროცესს ხედავენ პარლამენტში და არა ქუჩაში
ლევან იოსელიანი - „ენდიაის“ კვლევის შედეგებში იკითხება, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს, გაგრძელდეს მოლაპარაკებები, ისინი პოლიტიკურ პროცესს ხედავენ პარლამენტში და არა ქუჩაში

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ენდიაის“ კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სურს, გაგრძელდეს მოლაპარაკებები, ისინი პოლიტიკურ პროცესს ხედავენ პარლამენტში და არა ქუჩაში.

იოსელიანის შეფასებით, ერთადერთი სწორი გამოსავალი სწორედ დებატების პარლამენტში გაგრძელებაა.

ლევან იოსელიანის თქმით, იმედი აქვს, სხვა პარტიებიც გაიზიარებენ კვლევის შედეგებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„ენდიაის“ კვლევა მიგვაჩნია ერთ-ერთ ყველაზე სანდო კვლევად, რაც საქართველოში ტარდება. რაც შეეხება შედეგებს, იკითხება ყველაზე მთავარი, რომ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას უნდა, გაგრძელდეს მოლაპრაკებები და რომ პოლიტიკურ პროცესს ის ხედავს პარლამენტში და არა ქუჩაში, რასაც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით და ვუმტკიცებდით ჩვენს კოლეგებს, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი დებატების პარლამენტში გაგრძელებაა. ჩვენ ამისთვის გადავდგით დამოუკიდებელი ნაბიჯები. იმედია, ასხვებიც გაიზიარებენ ამ კვლევის შედეგებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში.