ლევან იოსელიანი - ელჩებს გადავეცით უფრო კომპლექსური შეთავაზება, ვიდრე აქამდე იყო, ახლა ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ პასუხს
გადავეცით ელჩებს ჩვენი შეთავაზება, უფრო ჩაშლილი და უფრო კომპლექსური, ვიდრე აქამდე იყო წარდგენილი, ახლა ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ პასუხს და ამაზეა დამოკიდებული, როდის შედგება მესამე რაუნდი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ჩემი მოლოდინია, რომ შეხვედრა შედგება ძალიან მალე, შეიძლება ხვალაც, ან ზეგ, სადაც უკვე რეალურად მოხდება განხილვა იმ წინადადებების, რომლითაც მოვა „ქართული ოცნება“ და რომელიც ჩვენ გვაქვს შეთავაზებული.
წინასწარ ნურაფერს ნუ გამოვრიცხავთ, დაველოდოთ მოლაპარაკებებს. რადგან ვსხედვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ მხარეებმა მიაღწიონ რაღაც კომპრომისს. ამიტომ დაველოდოთ, რას მოიტანს „ქართული ოცნება“ და წინასწარ წითელი ხაზების გავლება, მგონი, რომ ხელს შეუშლის ამ პროცესს“,- განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის თქმით, მისთვის და პარტია „მოქალაქეებისთვის“ მთავარი საკითხი არის საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.
„რეალურად, ისეთი გარემოს მიღება, სადაც არჩევნებს ექნება შინაარსი და აზრი. თუ არ შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობა და თუ არ მოხდა რეფორმირება, მაშინ არც ვადამდელ არჩევნებს აქვს აზრი, არც ხელახალ არჩევნებს, არც თვითმმართველობის და არც ერთ არჩევნებს. ამ პირობებში ჩატარება არჩევნების უბრალოდ აზრს კარგავს. ამიტომ პრინციპულია, რომ ჯერ უნდა მოწესრიგდეს ის სისტემა, რომელიც ატარებს არჩევნებს, უნდა მოწესრიგდეს გარემო, სადაც ტარდება არჩევნები და მერე შეიძლება ვილაპარაკოთ, როგორი უნდა იყოს არჩევნები, ვადამდელი, ხელახალი თუ სხვა ვარიანტი“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.