ლევან იოსელიანი - ძალიან რთულია რაიმე ტიპის დიალოგზე საუბარი, თუ არ დავინახავთ, რომ ხელისუფლება უკან იხევს
პარტია „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე არავითარი თავდასხმა არ განხორციელებულა და სახალხო დამცველმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა.
მისივე თქმით, აქციაზე არ იყო წყლის ჭავლის გამოყენების აუცილებლობა.
„ეს არის ტყუილი, ცესკო-ზე არანაირ თავდასხმას იქ ადგილი არ ჰქონია. სახალხო დამცველმა და არასამთავრობოებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. დაიწყეს გაფრთხილების გარეშე ჭავლის გამოყენება, ამას ხომ ვერავინ გაექცევა და საერთოდ, ამის აუცილებლობა არ იყო, როცა მომიტინგეები ჯერ კიდევ გზაში იყვნენ და იქ ალბათ მხოლოდ ასი კაცი იმყოფებოდა.
მას შემდეგ, რაც იქ მომიტინგეები მივიდნენ, მეც იქ ვიყავი. იქ იყო ალეკო ელისაშვილი, სხვა ლიდერები, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. წინა ხაზში ვიდექით მთელი ეს პერიოდი, პირიქით – ხალხს ვაკავებით, რომ პოლიციასთან პირდაპირი შეხება არ ჰქონოდათ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ესკალაცია არ მომხდარიყო და ბოლოს ნიკა მელიამ და ალეკო ელისაშვილმა გაბრაზების ზენიტში მყოფ ადამიანებს მოუწოდეს, რომ დაშლილიყვნენ და შინ წასულიყვნენ. ამაზე მეტი პასუხისმგებლობა რა უნდა გამოიჩინოს პოლიტიკოსმა? ეს ჩვენ გავაკეთეთ და რა გააკეთა ხელისუფლებამ? – ეს ყველაფერი მონათლა ცესკო-ზე თავდასხმად და შეჭრად, ჩვენ გვიწოდა ზონდერები. ეს არის მათი პასუხი იმაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
იოსელიანი ამბობს, რომ ასეთ პირობებში რაიმე ტიპის დიალოგზე საუბარი რთულია.
„ძალიან რთულია ამ პირობებში რაიმე ტიპის დიალოგზე საუბარი, თუ არ დავინახავთ, რომ ხელისუფლება იხევს უკან და ამის ნიშანწყალი ჯერ არ ჩანს. მყისიერ შეტევას ადგილი არ ჰქონია, არ მომხდარა ასეთი რამ, რომ ადამიანების დიდი ჯგუფი მყისიერად უტევს პოლიციას. რამდენიმე პროვოკატორმა თუ ქვა ისროლა, და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მათი პროვოკატორები იყვნენ, ეს არ აძლევდა მათ უფლებას, მასიურად, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ გამოეყენებინათ წყლის ჭავლი და დაეზიანებინათ ჟურნალისტები – ერთი მანქანის სახურავიდან გადმოვარდა, მეორეს თვალი აქვს დაზიანებული. ამის აუცილებლობა არ იყო, როცა ჟურნალისტები იყვნენ წინ, კამერები მუშაობდა და ჩართულ კამერებს მიუშვირეს ჭავლი. გამოცხადებული იყო უკვე, რა უნდა მომხდარიყო, ლიდერებს ნათქვამი ჰქონდათ, რომ ვრჩებით ამაღამ იქ ყველანი და მშვიდად, წყნარად ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, მიეტანათ იერიში მშვიდობიან მოქალაქეებზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.