ლევან იოსელიანი - დროებით საგამოძიებო კომისიაში ჩართვის მომხრე ვართ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესში ის ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან, ვისაც საარჩევნო უბნებზე საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდა
ლევან იოსელიანი - დროებით საგამოძიებო კომისიაში ჩართვის მომხრე ვართ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესში ის ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან, ვისაც საარჩევნო უბნებზე საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდა

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიაში ჩართვის მომხრე ვართ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესში ის ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან, ვისაც საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდა საარჩევნო უბნებზე, – ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ოპოზიციას რატომ არ უნდა ჩართვა, მათ უნდა ჰკითხოთ. მინდა, რომ ჩაერთონ და მათთან ერთად ის დავამტკიცოთ, რაზეც ამდენი ხანია, ვსაუბრობთ. ჩვენ არ გვყოლია დამკვირვებლები არჩევნებზე და რთული იქნება, ყველას ნაცვლად, იმ მტკიცებულების ტვირთის აწევა, რაც ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა დაადასტუროს. ჩვენ გვყავდა წარმომადგენლები საბურთალოზე და ვნახეთ, როგორი მასშტაბის იყო დარღვევები და ოქმების გადაწერები. ამას დაემატა ოპოზიციის დანარჩენი პარტიების განცხადებები, რომ ყველგან ასეთი სიტუაცია იყო და არანაირი საფუძველი არ გვქონდა, მათ არ დავუჯეროთ. მაგრამ ვამბობთ, მოდით, ეს ყველაფერი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დავამტკიცოთ. ის მტკიცებულებები მოიტანონ, რაც სასამართლოში შეიტანეს და სასამართლომ განხილვაზე უარი თქვა“,- განაცხადა იოსელიანმა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება. დადგენილების პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შედეგების შესწავლას სთავაზობს და პირობას დებს, რომ კომისიის მიერ ერთპროცენტიანი გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, ახალ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.