ლევან იოსელიანი - დღეს თუ არ ვიფიქრეთ, რომ სტუდენტებისთვის საცხოვრებლის შეთავაზება უნივერსიტეტების ავტორიზაციის პირობად ჩაიდოს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა საზღვარგარეთ სამუშაოდ
თბილისში ჩამოსულ სტუდენტებს დახვდათ გაორმაგებული ფასები უძრავ ქონებაზე, ფართების გაზიარებაც კი შეუძლებელი ხდება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, სტუდენტების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა ზრუნავდეს.
„იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებს მოტივაციას ვაძლევდეთ, მათ ოჯახებს ექმნებათ გაუთავებელი პრობლემა, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ ელემენტარული პირობები განათლების მისაღებად. ხომ შეიძლებოდა, უნივერსიტეტსაც ჰქონოდა საბინაო ფონდი, და მერე ეს სტუდენტებისთვის მიეცა შეღავათიან ფასად. ხომ შეიძლება, სასწავლებლებს პასუხისმგებლობა გააჩნდეთ სტუდენტების წინაშე?
ევროპაში, რომლისკენაც ვისწრაფვით, ეს პროცესი როგორაა, ყველამ კარგად ვიცით. იქ უნივერსიტეტებს აქვთ საერთო საცხოვრებლები და თუ არ აქვთ, წინასწარ გრძელვადიანი კონტრაქტებით იღებენ საბინაო ფონდს და მერე სტუდენტებს სთავაზობენ შეღავათიან ფასად, ყველანაირ პირობებს უქმნიან სტუდენტებს.
ექვსი წლის მერე კიდევ იქნება უნივერსიტეტების ავტორიზაცია. დღეს თუ არ ვიფიქრეთ, რომ მათ ავტორიზაციის პირობად ჩადონ, რომ სტუდენტებს საცხოვრებელი შესთავაზონ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმისთვის, რომ საკუთარ შვილებს ელემენტარული განათლება მისცენ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.